ირაკლი სესიაშვილი - „დეილი მეილის“ ინფორმაციას საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ, ოპონენტებს იმედები უნდა გავუცრუოთ, რადგან საქართველო არ ფიგურებს ამ ნეგატიურ მოვლენაში
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „დეილი მეილის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ.
ირაკლი სესიაშვილმა კომენტარი გამოცემის მიერ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებული და რუსეთის უსაფრთხების სამსახურებთან იმყოფებიან კავშირში.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი „დეილი მეილის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე ხელისუფლების ოპონენტების განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„ეს არის ჩვენი ოპონენტების მავნებლური სერიიდან, რომელთაც ძალიან სურთ, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს, ქვეყანა სკანდალში გაეხვიოს და ამის აჟიტირებას ეწევიან. თუ „დეილი მეილით“ გავრცელებული ინფორმაცია რეალური იქნებოდა, საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ინფორმირებულები იქნებოდნენ, რადგან ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები მჭიდროდ თანამშრომლობენ ბრიტანელ კოლეგებთან და ამის კარგი გამოცდილება გვაქვს, როცა რუსეთმა საქართველოზე კიბერთავდასხმა განახორციელა. ამ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ. ჩვენს ოპონენტებს მორიგჯერ იმედები უნდა გავუცრუოთ, რომ საქართველო არანაირად არ ფიგურებს ამ ნეგატიურ მოვლენაში, თუმცა ეს არის მათი სურვილი“, – განაცხადა სესიაშვილმა.