„დეილი მეილი“ - ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებული და რუსეთის უსაფრთხების სამსახურებთან იმყოფებიან კავშირში
„დეილი მეილი“ - ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებული და რუსეთის უსაფრთხების სამსახურებთან იმყოფებიან კავშირში

ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებული და რუსეთის უსაფრთხების სამსახურებთან არიან დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა კორონავირუსთან მებრძოლი ინსტიტუტების მონაცემთა ბაზები გატეხეს და ინფორმაცია მოიპარეს. მათ შორისაა უნივერსიტეტები და საკვლევი ლაბორატორიები.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ჰაკერების ნაწილი საქართველოს ტერიტორიიდან მოქმედებდა და ეს ჯგუფი კრემლთან არის დაკავშირებული. მოპარული ინფორმაცია უკავშირდება ბრიტანეთის ათასობით მოქალაქეს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის და ვაქცინის სამედიცინო ცდებში მონაწილეობს.

დასავლეთ ლონდონის „ჰამერსმიტის სამედიცინო კვლევის“ კლინიკურმა დაწესებულებამ (HMR) აღიარა, რომ პასპორტების, ეროვნული სადაზღვევო ბარათებისა და სავიზო დოკუმენტების სკანირებული მასალები, ასევე პაციენტის ფოტოები, ჯანმრთელობის კითხვარი და სამედიცინო ისტორიის დოკუმენტები 14 მარტს მოიპარეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა, „მეიზმა“ აიღო და რამდენიმე სამედიცინო ჩანაწერი ინტერნეტში გამოაქვეყნა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ, ჰაკერების ჯგუფმა ორი მილიონი ფუნტ სტერლინგი მოითხოვა, თუმცა ამავე დროს, კომპანიას „ფასდაკლება“ შესთავაზა, თუ ის „კოვიდ-19“-ის სამკურნალო საშუალებას აღმოაჩენს.

ბრიტანული მედია წერს, რომ ქვეყნის სხვადასხვა უწყების წინააღმდეგ, ბოლო კვირების განმავლობაში უპრეცედენტო კიბერშეტევები ხორციელდება.