ირაკლი სესიაშვილი - ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა სწორ, ობიექტურად შეფასებულ ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს
როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, მინდა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ნდობა მქონდეს. მათი მხრიდან კრიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სწორ, ობიექტურად შეფასებულ ფაქტებს და კრიტიკაც უნდა იყოს იმის შესაბამისი, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც არის საუბარი.
დეპუტატის თქმით, ანგარიშში არ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ 20 ივნისის ღამეს გარკვეული პოლიტიკური ძალები აპირებდნენ პარლამენტში შეჭრას და პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა ძალა.
„ხაზი არ არის გასმული, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები აპირებდნენ პარლამენტში შეჭრას და პოლიცია ორი საათის განმავლობაში ფაქტობრივად აკავებდა მხოლოდ თავდამსხმელებს, მოძალადეებს და მხოლოდ ამის შემდგომ გახდა იძულებული, გამოეყენებინა ძალა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, „უნდა შევეჩვიოთ, რომ როდესაც ადგილი აქვს უკანონო მოწოდებებს, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებს, ამაზე სახელმწიფო ყოველთვის მოახდენს რეაგირებას“.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, „ჰიუმან რაითს ვოჩის“ მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისგან.
„15 წელი ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში. როგორც წესი, ასეთი ორგანიზაციები ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისგან. არ მინდა, ყველა ერთ ქვაბში მოვაქციო, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბევრი პოლიტიკური ტელევიზიებისგან ლობირებული არასამთავრობო სექტორი პირდაპირ მიბმულია პოლიტიკურ პარტიასთან და ისინი ფაქტობრივად მოქმედებენ იმ პოლიტიკური შეკვეთით, რაც მათ სურთ, რომ პოლიტიკური სარგებელი მიიღოს მისმა პატრონმა. სამწუხაროდ, ასე ხდება საქართველოში და ამან ძალიან ცუდი ფორმა მიიღო. კიდევ ერთხელ ვამბობ, „ჰიუმან რაით ვოჩს“ და სხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, ხშირად ბოდიში მოუხდიათ, როდესაც რაღაცა განცხადება გაუკეთებიათ, მერე გადაუმოწმებიათ და ფაქტები არ დამთხვეულა“, – განაცხადა სესიაშვილმა.