ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის 149-ე კმ-თან ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოების ტემპი მაღალია
ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის 149-ე კმ-თან ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოების ტემპი მაღალია

რიკოთის დარჩენილ ორ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პროგრესი განსხვავებულია. ინტენსიური სამუშაოებია 149-ე კმ-თან მდებარე ფერდზეც, სადაც 2023 წელს პოტენციური მეწყრის კერა იქნა აღმოჩენილი. ჩატარდა შესაბამისი კვლევები, მომზადდა საინჟინრო გადაწყვეტა, მოეწყო შემოვლითი გზა, ტენდერის შედეგად გამოვლინდა კვალიფიციური კონტრაქტორი, რომელიც ამჟამად ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოს ასრულებს. მობილიზაციაც და სამუშაოების ტემპიც საკმაოდ მაღალია, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის პირველ – ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

რიკოთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი – ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული სამი გვირაბიდან უკვე გაჭრილია ორი გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 11 ხიდი და სამუშაოები მიმდინარეობს ორ ხიდზე. მათ შორის, გაჭრილია რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელური, 1800 მ სიგრძის გვირაბი, სადაც მიმდინარეობს საბოლოო მოსახვის, სადრენაჟე და საინჟინრო სისტემების მოწყობის სამუშაოები.

მინისტრის თქმით, რიკოთის პირველ მონაკვეთზე, 149-ე კმ-თან მდებარე ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოების ფარგლებში იჭრება მიწის მასივები, საფეხურებრივად მუშავდება ფერდი, რის შემდეგაც დაიწყება მისი გამაგრება პროექტის შესაბამისად. ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, აშენდება ახალი გზა, რომელზეც გადაერთვება მოძრაობა და დაიწყება ხიდების და სხვა ინფრასტრუქტურული საგზაო ელემენტების მშენებლობა უკვე არსებულ გზაზე.

„დღეს მიმდინარე სამუშაოები მნიშვნელოვანია როგორც ფერდის სტაბილიზაციისა და პრევენციის თვალსაზრისით, ისე პროექტის განვითარებისთვის. ზოგადად, რიკოთის პირველ მონაკვეთზე არის გამოწვევები, რაზეც ინტენსიურად ვმუშაობთ კონტრაქტორთან ერთად. გაცემულია შესაბამისი გაფრთხილებები და რეკომენდაციები. აუცილებლად უნდა გაიზარდოს სამუშაოების ტემპი პარალელური სამუშაოების წარმოების მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი გეოლოგიურად ყველაზე გამომწვევი მონაკვეთია რიკოთზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად ძალისხმევას წარმოადგენს სწორედ ფერდების შესაბამისი საპროექტო-საინჟინრო გადაწყვეტებით სტაბილიზაცია.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.