ირაკლი ქადაგიშვილმა საპარლამენტო კონტროლის კუთხით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა  
ირაკლი ქადაგიშვილმა საპარლამენტო კონტროლის კუთხით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა  

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართული დისკუსიები საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებთან იყო დაკავშირებული.

ქადაგიშვილმა მედიას პარლამენტში უკვე დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, კონკრეტული ჩანწერები გააცნო და ამ კუთხით რამდენიმე მთავარი მიმართულება გამოყო.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად პარლამენტში ინტერპელაციების რაოდენობა გაიზრდება. მისივე განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული იქნება, სადეპუტატო კითხვას 15 დღის ნაცვლად, 10 დღის ვადაში გასცეს პასუხი.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, დასახელებულ ცვლილებებს მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავენ.

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ექვსი შეხვედრის განმავლობაში გვქონდა დისკუსია, რომელიც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებთან იყო დაკავშირებული. გამოვყოფ რამდენიმე მთავარ მიმართულებას. სამუშაო ჯფგუფში აღნიშნული იყო, რომ საჭირო იყო მეტი ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ამ მიმართულებით მოვედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ პარლამენტში გაიზრდება ანგარიშვალდებულების კუთხით მთავრობის მოსვლის სიხშირე და ეს კონკრეტულად ინტერპელაციის მექანიზმში აისახება. თუ აქამდე პარლამენტში ოთხი ინტერპელაცია იყო გათვალისწინებული, ახლა ყოველ თვეში პარლამენტის სესიების მიმდინარეობის დროს ჩატარდება ინტერპელაცია, გარდა ივნისისა და დეკემბრისა. ივნისში პრემიერ-მინისტრი თავის კაბინეტთან ერთად ისედაც მოდის პარლამენტში. დეკემბერში კი ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა, რომელიც თავისი შინაარსით ფაქტობრივად მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას წარმოადგენს.

სადეპუტატო კითხვაზე პასუხის გაცემის 15-დღიანი ვადა 10 დღემდე მცირდება, როდესაც თანამდებობის პირი ვალდებულია, დეპუტატს შეკითხვაზე უპასუხოს. თუ ამ ვადაში არ ესწრება, მან არგუმენტირებული წერილით უნდა მოითხოვოს ამ ვადის 10 დღით გაგრძელება. ჩვენი კომიტეტი იღებს ვალდებულებას, რომ მოხდეს პროაქტიული მონიტორინგი, ყოველ სამ თვეში ერთხელ მოხდება შესწავლა, რა სურათი გვაქვს დეპუტატის შეკითხვის პასუხთან დაკავშირებით. ამ საკითხის გამოტანა მოხდება ბიუროსა და სხდომაზე და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა. ხუთი დღით ადრე, ვიდრე მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე, ვალდებული იქნება პარლამენტის წევრებს წერილობითი ანგარიში ხუთი დღით ადრე წარუდგინოს. სამი დღის ვადაში კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია, მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირი კომიტეტში ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე. ყოველ სამ თვეში მოხდება შესწავლა, როგორ ხდება თანამდებობის პირების მხრიდან ამ ვალდებულების აღსრულება. ეს საკითხიც ბიუროს და სხდომის განხილვის საგანი გახდება. თემატურ მოკვლევაზე მთელი რიგი პროცედურული საკითხების დახვეწა მოხდა. თემატური მოკვლევის წამოწყება უფრო გაადვილებულია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.