ირაკლი ქადაგიშვილი - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთვის ტექნიკური საკითხები პრობლემური არ არის, დანარჩენი დამოკიდებულია პოლიტიკურ შეხედულებებზე
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთვის ტექნიკური საკითხები პრობლემური არ არის, დანარჩენი დამოკიდებულია პოლიტიკურ შეხედულებებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილს სავიზო რეგულაციის ფარგლებში ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემური არაფერი აქვს. ბოლო შესწორებები, რაც შარშან სპეციალურად შემოიღეს, იმის გამო მოხდა, რომ პოლიტიკური ზეწოლისთვის გარკვეული ბერკეტები შეექმნათ. ამიტომ საქართველოსთვის ტექნიკური საკითხები პრობლემური არ არის. დანარჩენი დამოკიდებულია პოლიტიკურ შეხედულებებზე. წლის ბოლოს, როცა საგნობრივი მსჯელობა იქნება, შეიძლება საუბარი იყოს პოლიტიკაზე და არანაირ იმ პირობებზე, ვალდებულებებზე, რომლებიც საქართველოს უვიზო მიმოსვლის დროს ჰქონდა და რომლებსაც დღემდე ასრულებს. მათ საქართველოში სულ სხვა გეგმები ჰქონდათ, მორჩილი ხელისუფლების მოყვანა სურდათ, მაგრამ ქართველმა ხალხმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ამაზე გაბრაზებულ-გაღიზიანებული არიან. კიდევ უფრო დიდი გეოპოლიტიკური ფაქტორები არსებობს, რასაც, იმედია, საბოლოო ჯამში, უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ, ვიდრე იმას, რომ არჩევნებში ან რევოლუციური სცენარების განხორციელებაში დამარცხდნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავიზო რეგულაციის ფარგლებში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება.