ირაკლი ქადაგიშვილი - ჯო უილსონს ან აკვიატებული აზრი აქვს, საქართველოს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, ან კონკრეტული ძალების დავალებით მოქმედებს
ჯო უილსონს ან აკვიატებული აზრი აქვს, საქართველოს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, ან კონკრეტული ძალების დავალებით მოქმედებს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ჯო უილსონს არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია.
„ეს ადამიანი აკვიატების ან კონკრეტული ძალების დავალებით მოქმედებს, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს საქართველოს. ეს არის ამ ადამიანის როლი საქართველოსთან მიმართებაში. მისი მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ მხოლოდ ნეგატივი მოდის. „ფარადან“ რაც ვიცით, მას გარკვეული ფინანსური ანაზღაურება ჰქონდა საქართველოდან დაფინანსებული ლობისტური კომპანიების მიერ. მეორე საკითხია, შეიძლება, გარკვეული ძალების დაკვეთას ასრულებს ან აკვიატებული აზრი აქვს, რომელსაც უკან არანაირი ლოგიკა და დასაბუთება არ მოჰყვება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს.
კანონპროექტის მიღებამდე წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც განაცხადა: „არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს“.