ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან განცხადებები მიზანმიმართულად კეთდება საქართველოს დასაზიანებლად, ეს შემთხვევითობა არ არის
არ ვიცი, რატომ უნდა ჰქონოდათ და თავის დროზე ვინ მისცა უკრაინის ხელისუფლებას იმედი, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველო იქნებოდა მეორე ფრონტი, მაგრამ ვხედავთ, რომ მათი მხრიდან არის ჯიუტი მცდელობა, თუ მეორე ფრონტს ვერ ახსნევინებენ საქართველოს, მაშინ საქართველოს მაქსიმალური დაზიანება მოხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა შეაფასა უკრაინის რადაში მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადება, სადაც ამბობს, რომ რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ და აშშ-მა ამის გამო ზომები უნდა მიიღოს.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, მრავალი განცხადებაა უკვე გაკეთებული ისეთი, რაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება საქართველოს დასაზიანებლად.
„სწორედ ეს განცხადებები, რომლებიც მრავლად გვაქვს ნანახი, მათ შორის პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც ქვეყნის შიგნით გარკვეული განწყობის შექმნას უნდა მოხმარებოდა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოეთხოვა მეტი კონფრონტაცია რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, მათ შორის პირდაპირი მოწოდებები, რომ ცხინვალის რეგიონში დროა უკვე საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, რაც პირდაპირ საომარ მოქმედებებში შესვლას ნიშნავს, განცხადებები, რომ საქართველო არის შავი ხვრელი, იარაღით და მისი კომპონენტებით ამარაგებს რუსეთს და ასე შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება. ეს უკვე შემთხვევითობა არ არის, არამედ მიზანმიმართული, შურისძიებითი ქმედებაა საქართველოს დასაზიანებლად. ამავდროულად, მათ მიაჩნიათ, რომ თუ საქართველო დაზიანდება, ეს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც მათთან პირდაპირ კავშირშია და ალბათ თავის დროზე ისინი აძლევდნენ იმედს, რომ საქართველო იქნებოდა მეორე ფრონტი, მათ გზას გაუხსნის ხელისუფლებისკენ. ეს არის მთელი ამ ანტიქართული პოლიტიკის შინაარსი. მსოფლიოში ერთ ძალიან ცუდ ტენდენციას ვხედავთ, რომელიც საქართველოში უკვე კარგადაა აპრობირებული, ამას ჰქვია არა ფაქტებით საუბარი და რეალური მოვლენების შეფასება, არამედ აღქმების პროპაგანდირება და აღქმებით დამკვიდრებული „რეალობის“ წარმოჩენა. სწორედ ამ აღქმებს ემსახურება ყოველგვარი საბუთის გარეშე ასეთი მძიმე ბრალდებების განუწყვეტელი პროპაგანდა. ქართული ანდაზაცაა – შეძახილმა ხე გაახმოო, რაღაცაზე მუდმივად უარყოფითი და ცუდი უნდა ილაპარაკო, თუ გინდა, საბოლოო ჯამში, დააჯერო. ტყუილი უნდა იყოს ტოტალური, მასობრივი და რაც შეიძლება, რადიკალური – ასეთ შემთხვევაში, ადამიანს და საზოგადოებას ყველაფერს დააჯერებ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.