ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო  ჩართულია ყველა ძალისხმევაში, რაც პარტნიორების ეგიდით მიმდინარეობს, ამის გამოვლენა იყო ისიც, რომ პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში გაჩერდა და მოლაპარაკებები გამართა
ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო ჩართულია ყველა ძალისხმევაში, რაც პარტნიორების ეგიდით მიმდინარეობს, ამის გამოვლენა იყო ისიც, რომ პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში გაჩერდა და მოლაპარაკებები გამართა

საქართველო ყველა იმ ძალისხმევაშია ჩართული, რაც პარტნიორების ეგიდით მიმდინარეობს. ამის კონკრეტული გამოვლენა იყო ისიც, რომ პოლონეთის პრეზიდენტი არა შემთხვევით, არამედ სპეციალურად საქართველოში გაჩერდა და გარკვეული მოლაპარაკებები გამართა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ქადაგიშვილმა შეაფასა ის ფაქტი, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა საქართველოს გავლით მგზავრობდა და გუშინ ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეხვდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს, ყველაფრიდან რაიმე უარყოფითი გამოაჩინოს და ქვეყანა რაღაცნაირად ტურბულენტობაში მოაქციოს, ფაქტები და რეალობა მუდმივად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ასეთი იყო უკრაინის რადასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე. ოპოზიცია ერთსა და იმავე ნარატივს იგონებს, სად არის საქართველო. საქართველო ყველა იმ ძალისხმევაშია ჩართული, რაც პარტნიორების ეგიდით მიმდინარეობს. ამის კონკრეტული გამოვლენა იყო ისიც, რომ პოლონეთის პრეზიდენტი არა შემთხვევით, არამედ სპეციალურად საქართველოში გაჩერდა და გარკვეული მოლაპარაკებები გამართა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, შეხვედრაზე ხომ არ იყო დისკუსიის საგანი ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის ალიანსის თემა, ქადაგიშვილმა განაცხადა:

„ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის ალიანსი რა არის, ეს ჯერ ნათლად და ბოლომდე ღიად ჩამოყალიბებული არ არის ალიანსის წევრებისთვის. იმ მოთხოვნებსა და პრეტენზიებში, რაც რუსეთმა დააყენა და რასაც დასავლეთმა პასუხი გასცა, ჩვენთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია – ნატო-ს კარი არ იქნება დაკეტილი და ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა, ლოგიკაში არ ჯდება. მეორეა, რომ რუსეთი ითხოვდა, ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა დაუბრუნდეს 1997 წლის პერიოდს, რაზეც ძალიან ზუსტი და შემხვედრი წინადადება იყო დასავლეთის მხრიდან, სადაც მათ თქვეს, რომ მაშინ უნდა დატოვონ შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიები. იმედია, ეს ყველაფერი დიპლომატიის საგანი იქნება და არა ცხელი ომის, კონფლიქტის. ნათლად ჩანს, რომ საქართველო ამ დიდი პოლიტიკის ნაწილია, პროცესებში ჩართულია. გასაგებია, რომ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანა არ ვართ, მაგრამ გეოპოლიტიკურ ველზე შექმნილ დღის წესრიგში საქართველო არის და თანმიმდევრული, განსაზღვრული პოლიტიკა გვაქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.