ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს კატეგორიულად არ უნდა, ევროკავშირმა საქართველოს პროგრესი ამ ხელისუფლების პირობებში დააფიქსიროს, თვლიან, რომ ამით მათი რევოლუციური შანსები მინიმალური ხდება
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს კატეგორიულად არ უნდა, ევროკავშირმა საქართველოს პროგრესი ამ ხელისუფლების პირობებში დააფიქსიროს, თვლიან, რომ ამით მათი რევოლუციური შანსები მინიმალური ხდება

ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილისთვის ეს 12 რეკომენდაცია სულ სხვა პოლიტიკური მიზანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ რადიკალური ნაწილისთვის ასეა. მათ კატეგორიულად არ უნდათ, რომ საქართველომ ამ ხელისუფლების პირობებში რამე პროგრესი მიიღოს და ევროკავშირმა დააფიქსიროს. იმიტომ, რომ ისინი თვლიან, რომ ამით მათი საარჩევნო, ან საერთოდ რევოლუციური შანსები მინიმალური ხდება, „ქართული ოცნების“ შანსები კი იზრდება და ეს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგია და დანარჩენი, ევროკავშირთან მათი პოზიციები არის სრული სპეკულაცია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამ განცხადებით ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დააყენებს თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხს და ლეგიტიმაციას ოპოზიციის ნაწილის გამიჯვნა ამ პროცესიდან, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის ჩართულობა ერთ-ერთი რეკომენდაცია და ამავდროულად, მოწოდებაა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას აკეთებს ხელისუფლება რიგ ევროპარლამენტართა კრიტიკული გზავნილების საპასუხოდ და როგორ აპირებს, საპირისპიროში დაარწმუნოს ისინი, ვინც აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ გავლენას განიცდის, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლაა და ეს პოლემიკა არასდროს არ შეწყდება.

„ადრე თუ თითოეული გზავნილი, თითოეული ევროდეპუტატის, ან რომელიღაც პოლიტიკოსის განცხადება რაღაც დიდ ტრაგედიად აღიქმებოდა, ჩვენც შევეჩვიეთ იმას, რომ თუ გვინდა, ამ სივრცეში ნორმალურად ვოპონირებდეთ, უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, ასევე არიან ევროპაში და მთელ მსოფლიოში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რომლებსაც თავიანთი ინტერესები გააჩნიათ. ზოგს ძალიან კეთილშობილური და ობიექტური კრიტიკა ახასიათებს; ზოგს შეიძლება, მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესი გააჩნდეს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური აქტორის მიმართ, ან სხვა მიზნები გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, ეს პოლემიკა მუდმივი იქნება და არასდროს არ შეწყდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეკითხვაზე, რა ფორმის დახმარებაზე საუბრობდა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოს აქვს უფლება, საკუთარი მომავალი თავადვე შეარჩიოს. ქართველები და საქართველოს მთავრობა ვალდებულია, დადგეს უკრაინის მხარდამხარ, ქართველი ხალხი ასე იქცეოდა, საქართველოს მთავრობა – არა. შესაბამისად, ისიც უნდა დაეხმაროს უკრაინის მთავრობას გამარჯვებაში“, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მყარად დგას უკრაინის მხარდასაჭერად და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე რომ არაფერი ითქვას, საერთაშორისო არენაზე ყველანაირი მხარდაჭერა დააფიქსირა.

„ვიღაც ამ მხარდაჭერაში თუ გულისხმობს იმას, რომ საქართველომ ფიზიკურად, სამხედრო თვალსაზრისით რამე მეტი უნდა გააკეთოს, ეს არის პირდაპირ წინააღმდეგი საქართველოს ეროვნული ინტერესებისა. იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს საქართველოში ესკალაციას, რუსეთთან ომს და გარდა ომისა, რუსეთის მხრიდან ისეთი მოქმედებებს იგივე ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონის მიმართ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს იმ ოკუპაციისა და ანექსიის შედეგებს, რაც ამ რეგიონებში გვაქვს. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საერთაშორისო საზოგადოებასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, მაგრამ ამავდროულად, ითვალისწინებს იმას, რომ ამ ქვეყანაში საოკუპაციო ჯარი დგას და ძალიან ახლოს, მათ შორის, თბილისთან. ამიტომ, ვიღაც ასეთ ბრტყელ ლოზუნგებს იტყვის, რადგან მისთვის ეს ადვილი სათქმელია, მაგრამ მისი პასუხისმგებლობა არის ნული საქართველოს წინაშე, ხოლო ჩვენი, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ისტორიის, აწმყოს და მომავლის წინაშე არის განუზომლად დიდი. ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო სოლიდარობისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების შეჯერებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.