ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე - ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია, ეს ყველასთვის აშკარაა
ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი, ეს ყველასთვის აშკარაა, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრიაშვილის საქმეზე სხდომის დაწყებამდე, მისმა მეუღლემ, ირინა გორდელაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, სხდომები, რომელსაც დაესწრო, ფარსი იყო.
ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე იმედოვნებს, რომ მომავალში საქმე „უკეთეს მოსამართლეს დაეწერება“.
„აქამდე რა პროცესებსაც დავესწარი, ეს იყო ფაქტობრივად ფარსი. ეტყობოდა, რომ გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული. არ ჩანდა, რომ რაიმე მტკიცებულების გათვალისწინება ხდებოდა ამ პროცესის განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება და უფრო სამართლიანი მოსამართლე შეგვხვდება. ის არის პოლიტპატიმარი, მე მგონი ეს აშკარაა ყველასთვის“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლემ.
20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილისა და კიდევ ორი ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას ირაკლი ოქრუაშვილი არ ესწრება.
გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.