ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ერთ-ერთ საფუძვლად საქმის პროკურორმა მიმალვის საფრთხე დაასახელა. ადვოკატმა სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაო და პასპორტის ჩაბარების შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლეს სიტყვით მიმართა ბრალდებულმაც. მან განაცხადა, რომ დაინახა, როგორ დაუდეს მას იარაღი მანქანაში.
„სოფლიდან თბილისში მოვდიოდი. შვილის საფლავზე ვიყავი. თბილისში შემოვედი და პოლიცია გადამიდგა წინ, მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მომთხოვეს პირადობის მოწმობა. მომცვივდნენ, დაახლოებით შვიდი მანქანა იყო, საბუთები მივეცი და ვუთხარი რომ ვიყავი ყოფილი თანამშრომელი. გამიყვანეს უკან და საბარგულის გახსნა მთხოვეს. ამის შემდეგ, საბარგულიდან რომ გამომიყვანეს, დავინახე, რომ გვერდით ხელის მუხრუჭთან იდო იარაღი და გამეცინა. მე ვუთხარი, რომ იარაღი ჩემი არ იყო. მე იარაღი არ მქონია. მე ვმუშაობდი 1997 წლიდან სახელმწიფო სტრუქტურაში და მერე დამაკავეს პოლიტიკური პროცესების გამო. მე მზად ვარ გადავიხადო გირაო რადგან 19 აგვისტოს შვილის წლისთავი მაქვს“, – განაცხადა ბრალდებულმა კოშაძემ.
გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას ედავება. პროკურორის თქმით, საქმეში მოწმეების სახით არის სამართალდამცველების ჩვენებები, რადგან ნეიტრალური პირი ჩხრეკას არ დასწრებია, ასევე პროკურორის ცნობით მოწმეების ჩვენებებით ბრალდებულმა თქვა, რომ მას ეკუთვნოდა იარაღი, თუმცა ჩხრეკის ორდერზე ხელი არ მოუწერია. კითხვაზე, არის თუ არა იარაღზე ბრალდებულის ანაბეჭდი, ამ საკითხთან დაკავშირებით, პროკურორის ცნობით დანიშნულია ექსპერტიზა.
კობა კოშაძის ადვოკატი და მისი თანაგუნდელები ამბობენ, რომ მას იარაღი ჩაუდეს. მიზანი კი, როგორც მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები ამბობენ, ირაკლი ოქრუაშვილზე, როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, ზეწოლაა.
კობა კოშაძესთვის წარდგენილი ბრალდება 4 დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.