ირაკლი ოქრუაშვილი - როგორც ჩანს, ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ორივე მხარეს იმედები გავუცრუე
ირაკლი ოქრუაშვილი - როგორც ჩანს, ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ორივე მხარეს იმედები გავუცრუე

როგორც ჩანს, დღეს ორივე მხარეს იმედები გავუცრუე,- ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბუტა რობაქიძის საქმეზე მოწმედ დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 2004 წლის ზაფხულში, შს სამინისტროში 40 ათასამდე ადამიანის დანიშვნას მოაწერა ხელი, რაც ოქრუაშვილის თქმით, არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული მათგანის საქციელზე პასუხს აგებდა.

​ორივე მხარე ელოდებოდა, რომ ერთის დანაშაული მემტკიცებინა და მეორის უდანაშაულობა. ამ ყველაფრის შესახებ პრესიდან გავიგე. ჩემი მინისტრობის პერიოდში მოხდა დანაშაული, მაგრამ 2004 წლის ზაფხულში მე ხელი მოვაწერე შსს-ში 40 ათასამდე ადამიანის დანიშვნას. ეს არ ნიშნავს, რომ 40 ათასივეს საქციელზე პასუხს ვაგებდი.

ბებიაჩემის ქელეხში 500 ადამიანი იჯდა, მაგრამ ის ადამიანები რას აკეთებდნენ იქ, მე თითოეულ მათგანზე პასუხს ვერ ვაგებ. მით უმეტეს, რომ თუ დანაშაული მოხდა, პროკურატურის ქვემდებარე იყო საქმე თავიდანვე და მას უნდა გამოეძიებინა“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შს ყოფილი მინისტრი დღეს ბუტა რობაქიძის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაიკითხა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა  დაკითხვაზე აღნიშნა, 2004 წელს მომხდარის ჩანაწერი არ უნახავს და არ იცის ამ თემის განხილვა რა დონეზე მოხდა სამინისტროში.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი და ძებნილი ზაზა ბაქრაძე. კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გვაზავა გარდაიცვალა.