ირაკლი ოქრუაშვილი რობაქიძის საქმეზე - ჩანაწერი არ მინახავს, ამ თემის განხილვა რა დონეზე მოხდა სამინისტროში, არ ვიცი
ირაკლი ოქრუაშვილი რობაქიძის საქმეზე - ჩანაწერი არ მინახავს, ამ თემის განხილვა რა დონეზე მოხდა სამინისტროში, არ ვიცი

შს ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულებს იცნობს, ხოლო გარდაცვლილ რობაქიძეს არ იცნობდა.

როგორც ოქრუაშვილმა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, მომხდარიდან დიდი დროა გასული და დეტალები კარგად არ ახსოვს.

„არ მახსოვს, ვისგან შევიტყვე მომხდარი. ამ საქმეზე მუდმივად ხდებოდა ინფორმაციების გასვლა პრესაში და ჩემი შეხედულებები ჩამომიყალიბდა.

პატრულის შექმნის პირველ ეტაპზე, რადგან ახალი იყო, მუდმივად ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ როგორც წესი, სიუჟეტების განხილვა ჩემთან არ ხდებიდა.

ეს ჩანაწერი არ მინახავს. ამ თემის განხილვა რა დონეზე მოხდა სამინისტროში, არ ვიცი. ჩემთან არ მომხდარა. მე თავდაცვის სამინისტროში უნდა გადავსულიყავი”,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ყოფილმა მინისტრმა გადაცემა „პატრულის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურამ დონაძესთან საპატრულოს შექმნის პირველ ეტაპზე ჰქონდა შეხება.

„საპატრულო პოლიციის პოპულარიზაციისთვის მიჭირდა ყურადღების მიქცევა. თუმცა მიზანი გადაცემა „პატრულის“ იყო პოლიციის პოპულარიზაცია. გადაცემა „პატრულს“ შსს-ს პრესსამსახური კურირებდა.
ბოლო პერიოდში მეჩვენებოდა, რომ გადაცემამ პოპულარობა დაკარგა”,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე მოწმის სტატუსით იკითხება.