ირაკლი ოქრუაშვილი - ოთხშაბათს საღამომდე გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას თუ ხელახლა მოვითხოვთ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებას
ირაკლი ოქრუაშვილი - ოთხშაბათს საღამომდე გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას თუ ხელახლა მოვითხოვთ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებას

ფაქტია, რომ სასამართლოში კვლავ შერჩევითი სამართალია, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა, „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე.

„როგორც მოსალოდნელი იყო და სხვას არც ველოდით პრინციპში, საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს, მოთხოვნა წილების ყადაღაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად და ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით გვქონდა 10 დღის ვადა, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, ეს უკან გადმოგვიგდო იმ პრინციპით, რომ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღის დადება“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, იურისტებთან გაივლის კონსულტაციას და უახლოეს დღეებში გადაწყდება, გაასაჩივრებს სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას თუ ხელახლა მოითხოვს წილების დაყადაღებას.

„ახლა ჩვენ გვაქვს არჩევანი – გავასაჩივროთ ეს სარჩელი თუ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამაზე იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადით წილების გასხვისებაზე აკრძალვა და ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება შერჩევით სამართალზე მიუთითებს.

„ფაქტია, რომ სასამართლოში კვლავ შერჩევითი სამართალია, რადგან ჩვენ განცხადება გვქონდა შეტანილი ზუსტად იმავე ტექსტით, წერტილი და მძიმეც კი არ აკლდა, რაც ხალვაშმა შეიტანა, როდესაც დააყადაღა „რუსთავი 2“-ის წილები. ფაქტი სახეზეა, 10 დღის წინ დანიშნული მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არის შერჩევითი და მეტი არაფერი“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 19 ივლისს მიმართა.