ირაკლი ოქრუაშვილი - ჩვენი ერთობა უკვე გასცდა ყოველგვარ პარტიულ ჩარჩოებს
ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო და ჩვენ ამ თავისუფლებას ბიძინა ივანიშვილს არ დავანებებთ, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შეფასებისას განაცხადა.
ოქრუაშვილის თქმით, ეს იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ბატონმა ივანიშვილმა გავრილოვს უკვე უპატაკა ის საჩუქარი, რომელიც პერსონალურად მისთვის მოამზადა – ნიკა მელიას დაპატიმრების ვერდიქტი. შარშან, როდესაც გავრილოვის ღამის გამო ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს და შემდეგ გაგვათავისუფლეს მე და გიგი უგულავა პრეზიდენტის შეწყალების აქტით, კანონმორჩილი მოქალაქის გულუბრყვილობით ვიფიქრე, რომ ივანიშვილმა სწორი დასკვნები გააკეთა, ამ თემიდან დისტანცირებას ახდენს და მას აღარ დაუბრუნდებოდა, მაგრამ დღეს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებით, რაც მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ყველა წესიერ, პატრიოტ, გულანთებულ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს. არა მხოლოდ მათ, ვინც 20 ივნისის ღამეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმსგავსობას აპროტესტებდა და გარკვეული დაზიანება მიიღო, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს ქვეყნის გარეთ და შიგნით. ეს უკვალოდ არ ჩაივლის.
სწორად თქვა ნიკამ, ჩვენ არ ვართ პარტიული ჭრილით გაერთიანებული, ეს ერთობა უკვე გასცდა ნიკა მელიასთან მიმართებაში ყოველგვარ პარტიულ ჩარჩოებს. ნიკა მელია გახდა თვისუფლების სიმბოლო და ჩვენ ამ თავისუფლებას ივანიშვილს არ დავანებებთ, გამორიცხულია, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ მისი მხრიდან ჩვენზე გადავლა, როდესაც დავუთმეთ მას და ამ დათმობას აღარ ვაპირებთ, აღარ გავიმეორებთ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.