ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ ორი ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ ორიბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების საკითხის შეცვლაზე სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ კვლავ არსებობს რისკები მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიმართულებით და შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სამივე პირის მიმართ ძალაში დატოვა.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლო სხდომათა დარბაზში მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ოქრუაშვილის ადვოკატი სასამართლოს სთავაზობდა 500 000 ლარიან გირაოს. ადვოკატმა გირაოსთან ერთად სასამართლოს შესთავაზა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში რამდენიმე ადამიანი ჩაუდგებოდა, მათ შორის ინგა გრიგოლია, ნანუკა ჟორჟოლიანი და პაატა დავითაია.
ბრალდების მხარე მიიჩნევდა, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა შეცვლილიყო.
ამასთან, ადვოკატებმა მოსამართლეს მიმართეს, საქმეში მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე არ გადასულიყო. ამ პოზიციის მიუხედავად, მოსამართლემ საქმეზე არსებითი განხილვა 2 ოქტომბერს, 13:00 საათისთვის ჩანიშნა.
სასამართლო სხდომას ირაკლი ოქრუაშვილი არ დასწრებია. პენიტენციური სამსახურიდან გამოგზავნილ წერილში ბრალდებული აცხადებს, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სასამართლო სხდომებზე დასწრებას. ოქრუაშვილის თქმით, სასამართლო სხდომებს მხოლოდ თავისუფლების პირობებში დაესწრება.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.
გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ამავე საქმეზე კიდევ ორი პირი – გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი არიან დაკავებულები.
ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.