ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ.
დაკავებულია ორი პირი, ერთი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მეორე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
ადვოკატების თქმით, საუბარია საყოფაცხოვრებო დავაზე.
„საქმე საკმაოდ ვრცელია. მოტივი კი, ფაქტიურად ბუნდოვანია. გამოძიების მხრიდან არის საკმაო შეუსაბამობები, რაც ერთი თვალის გადავლებითაც გახდა ჩემთვის ცნობილი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ 19-108-ე მუხლით წაყენებულ ბრალდებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლე დადგინდეს. ის ამ ფორმულირებით წაყენებულ ბრალს არ აღიარებს“, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ავთანდილ ბუაძემ.
კითხვაზე – უკავშირდება საკითხი ნარკოტიკულ საშუალებებს, ადვოკატის განცხადებით, არაფრის გამორიცხვა შეიძლება. ამასთან, მისი თქმით, დანაშაულის ადგილზე იარაღი ნაპოვნი არ არის.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას თანხასთან დაკავშირებით, ადვოკატ არჩილ შაბაშვილის განცხადებით, ბრალდებულის ვერსიით, მან ნოზაძეს ასესხა თანხა, რომელსაც არ უბრუნებდა და შელაპარაკება ამის გამო მოხდა, რასაც დაზარალებულის მხრიდან ხელის დარტყმა მოჰყვა.
„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შეიძლება ხელი მოიქნია. რაც შეეხება დანას, ამოღებული არ არის“, – აღნიშნა შაბაშვილმა.
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს დიდუბეში დაჭრეს. დაკავებულია ორი ქალი – 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი – 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.