ირაკლი ნადირაძე - თუ დამიდებენ ფაქტს, რომ პოლიციელების მიმართ ერთი სიტყვა მაინც მაქვს ცუდად ნათქვამი, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს
თუ დამიდებენ ფაქტს, რომ პოლიციელების მიმართ ერთი სიტყვა მაინც მაქვს ცუდად ნათქვამი, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს, თუ არა და ამ ადამიანებმა, ვინც ეს დამაბრალეს, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძე დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც ნადირაძემ აღნიშნა, აქციებს ყოველდღიურ რეჟიმში ესწრება, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც ოთხი შვილის მამა და სოლიდარობას უცხადებს შვილმოკლულ მამებს.
„დღეს, როდესაც ვნახე პოლიციელების შეტევა აქციის მონაწილეებზე და ვნახე, როგორ ახრჩობდნენ პარლამენტის დეპუტატს პირდაპირი მნიშვნელობით, მოვუწოდე პოლიციელებს, ნუ დაახრჩობდნენ ამ ადამიანს, მეტის თქმაც ვერ მოვასწარი, უკნიდან ვიღაც მომეპარა, წამიჭირა ხელი და პატრულის 4-5 თანამშრომელთან ერთად გადამიყვანეს საპატრულო პოლიციის მანქანაში.
მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე, განემარტათ რისთვის მაკავებდნენ, არც ერთ პატრულის თანამშრომელს განმარტება არ გაუკეთებია. მას შემდეგ რაც ჩამსვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ალექსანდროვის ბაღთან ვყავდი გაჩერებული და სატელეფონო დირექტივებს ელოდებოდნენ, რა გაეკეთებინათ.
40 წუთის შემდეგ მიიღეს დირექტივა, რომ წავეყვანე საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. შემდეგ მოვიდა რიგითი პოლიციელების ზემდგომი და თქვეს, რომ მე ხელწერილით მათავისუფლებდნენ და დღეს უნდა გამოვცხადებულიყავი ჩუღურეთის რაიონის პოლიციაში. ასევე ხვალ მექნებოდა სასამართლო.
ტელევიზიით გავიგე, რომ შეურაცხყოფა მიმიყენებია პოლიციის თანამშრომლისთვის, რაც სიცრუეა. ამასთან დაკავშირებით იქით ვუჩივლებ იმ ადამიანებს, ვინც ეს განცხადება გააკეთა. თუ დამიდებენ ფაქტს, რომ პოლიციელების მიმართ ერთი სიტყვა მაინც მაქვს ცუდად ნათქვამი, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს, თუ არა და ამ ადამიანებმა, ვინც ეს დამაბრალეს, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ნადირაძე სამართალდამცავებმა დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.