ირაკლი ნადირაძე - ვინმე თუ ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერების უკან ვანო მერაბიშვილი დგას, არის სამარცხვინო
ირაკლი ნადირაძე - ვინმე თუ ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერების უკან ვანო მერაბიშვილი დგას, არის სამარცხვინო

ვინმე თუ ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერების უკან ვანო მერაბიშვილი დგას, ეს არის სამარცხვინო და წყალს ასხამს ივანიშვილის წისქვილზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ირაკლი ნადირაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ვანო მერაბიშვილის ხელწერას ხედავს.

„ხვალ არის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო, სადაც წყდება მისი სიკვდილ-სიცოცხლის ბედი. ყველას ვთხოვდი და ვურჩევდი, რომ ამაზე ვკონცენტრირდეთ და გაურკვეველი წარმომავლობის აუდიოჩანაწერებზე, მოსმენაზე, განხილვასა და გავრცელებაზე არ დავხარჯოთ დრო. ჩვენ ბევრი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი გვინახავს და ეს ძალიან ჰგავს რუსულ ხელწერას, ამაზე დიდი ყურადღება არ უნდა დავხარჯოთ. დიდი სირცხვილი მათ, თუ ვინმე ასეთ განცხადებას აკეთებს და საპასუხოდ შეუძლიათ, ნახონ ხაბეიშვილის პოსტი, სადაც ძალიან გარკვევით წერს ამ აუდიო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით. მე ერთადერთი რამ ვიცი, რომ ეს არჩევნები ტარდება არა იმისთვის, რომ ერთმანეთი ვლანძღოთ და ტალახი ვესროლოთ, არამედ იმისთვის, რომ პარტია გამოვიდეს გაძლიერებული. ყველამ უნდა შეიკავოს თავი მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, მით უმეტეს, როდესაც ეს აუდიოჩანაწერი არის გაურკვეველი წარმომავლობის, ამაზე დრო არ უნდა დაკარგოს არავინ“, – განაცხადა ნადირაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი დაპირისპირება არ არის, მთავარი საკითხია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უცხოეთში საკურნალოდ მისი გადაყვანა.

სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.