ირაკლი ნადირაძე - გამარჯვების ფორმულა ისევ და ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მასთან თანამშრომლობაშია
ირაკლი ნადირაძე - გამარჯვების ფორმულა ისევ და ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მასთან თანამშრომლობაშია

გამარჯვების ფორმულა ისევ და ისევ „ნაციონალურ მოძრაობაშია,“ მასთან თანამშრომლობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ნადირაძემ კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.

მისი თქმით, იმ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლების ამოცანაც, როგორც ჩანს, ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაა, „ნაციონალური მოძრაობა“ ითანამშრომლებს, რადგან კოალიციური მთავრობა ხალხის დაკვეთაა.

„„ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, მთავარი ძალა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, შესაბამისად, ამ არჩევნებზე ჩვენი ამოცანა იქნება რუსი ოლიგარქის დამარცხება, ხოლო ამ პარტიების ამოცანა, როგორც ჩანს, იქნება ხუთი პროცენტის გადალახვა, თუმცა ჩვენ მივესალმებით მათ ამ ინიციატივასაც, კი ბატონო. მხარს დავუჭერთ და კარგი იქნება, თუ გადალახავენ ამ ბარიერს, რადგან ჩვენ მზად ვართ კოალიციური მთავრობისთვის. ეს არის ხალხის დაკვეთა და ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან. გამარჯვების ფორმულა არის ისევ და ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში,“ მასთან თანამშრომლობაში, რადგან მიხეილ სააკაშვილის პარტია იქნება ის პარტია, რომელიც პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დაამარცხებს რუს ოლიგარქ ივანიშვილს“, – განაცხადა ნადირაძემ.