ირაკლი ნადირაძე - გიორგი ჩალაძის გადაწყვეტილებას მივესალმებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, არჩევნებს კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი ეყოლება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მიესალმება გიორგი ჩალაძის გადაწყვეტილებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.
მისივე თქმით, ასევე პარტიაში ბევრი გამორჩეული ლიდერია და არჩევნებს ბევრი ღირსეული კანდიდატი ეყოლება.
ამასთან, როგორც ირაკლი ნადირაძე ამბობს, სწრაფად უნდა ჩაინიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა, რათა დანიშნონ კონკრეტული თარიღი და იმსჯელონ, რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები.
„მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. გიორგი ჩალაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი. ხედავდით, როგორ აქტიურად იბრძოდა მიშას ჯანმრთელობისთვის, მიშას სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა პარტიაში ასევე არის ბევრი გამორჩეული, ღირსეული, აქტიური ლიდერი. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებს კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი ეყოლება. სწრაფად უნდა ჩაინიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა, რათა დავნიშნოთ კონკრეტული თარიღი და ვიმსჯელოთ, რა ფორმით უნდა ჩატარდეს. პარტიული ორგანოები ჩვენმა ასობით ათასმა ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს.
პარტიისთვის მთავარი იყო და არის რუსი ოლიგარქის დამარცხება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ჩალაძე, ისევე, როგორც ყველა სხვა ლიდერი, ამ მთავარი საქმით ვართ დაკავებული. გიორგი ჩალაძე, პირველ რიგში, არის პარტიის მხარდამჭერი, მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის მეგობარი. გიორგი ჩალაძე არის პარტიის წევრი, ოღონდ რა დონეზე უნდა იყოს შემდეგ საქმიანობაში ჩართული, თავად იტყვის. ის ახალი ენერგიით აპირებს პარტიის გაძლიერებას. ფაქტია, დროა არ ითმენს, ფაქტია, სააკაშვილი რჩება ტყვეობაში, ფაქტია, მედიას ებრძვიან, ქვეყანაში გაჭირვებაა, სიღარიბე, ხალხი გარბის ქვეყნიდან. ყოველი წუთი, ყოველი საათი მნიშვნელოვანია. ამ ბრიფინგით ვარჩიეთ ამ პროცესების ფორსირება მოგვეხდინა. ველოდებით თარიღის ჩანიშვნას და ახალი არჩვნების ჩატარებას“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ამასთან, ირაკლი ნადირაძემ ისაუბრა ორი დღის წინ გამართულ ბრიფინგზე და განმარტა, პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში რატომ ჩაატარა.
„აზრთა სხვადასხვაობა ცუდი არ არის, ეს შეიძლება, გაუკვირდეს ივანიშვილს და მის პარტიას. რატომ ბიბლიოთეკა? ისიც და ოფისიც ასოცირდება მიხეილ სააკაშვილთან და რომ არავის დარჩენოდა განცდა, მიშას ვემიჯნებით და მივდივართ პარტიიდან, სწორედ ამიტომ იქნა არჩეული მეორე ლოკაციად საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა. ამაზე მსჯელობა მიმდინარეობდა დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, ასევე ვხედავდით თავმჯდომარის განცხადებებს 01 პროცენტიც არ არის არჩევნების ჩატარებისო. შესაბამისად, ვარჩიეთ, ფორსირებულად მოგვეხდინა ამ პროცესებში ჩართვა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ერთს სხვა თარიღი აწყობდა, მეორეს სხვა, ჩვენ ერთი გუნდი და თანამოაზრეები ვართ. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით გავაგრძელებთ ბრძოლას, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.