ირაკლი მექვაბიშვილი - 2018 წელს აუდიტის სამსახური 102 აუდიტორულ შემოწმებას ჩაატარებს
მიმდინარე წელს ძალიან აქტიური სამუშაო გეგმა გვაქვს, დაგეგმილია 102 აუდიტორული შემოწმება, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ირაკლი მექვაბიშვილმა ნდობის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით,თბილისის მერიაში შვიდი აუდიტორული შემოწმებაა დაგეგმილი, რომელიც ეხება როგორც ფინანსურ, ასევე ეფექტიანობის ნაწილს.
„ფინანსური აუდიტის ნაწილში გვაქვს აუდიტის 25 დასკვნა, რომლის შედეგად ჩვენ შევძლებთ ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი გავზარდოთ ხუთი პროცენტით, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 86 პროცენტს მოვიცავთ დავიდან ბოლომდე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი.
შესაბამისობის კუთხით გვაქვს სიახლე დაგეგმილი. მთლიანად საჯარო სექტორში შევისწავლით შესყიდვების საკითხს, ჰორიზონტალური აუდიტი იქნება და ასევე გავაკეთებთ ავტოპარკის აუდიტს. შესაბამისობის კუთხით არის 58 აუდიტი და განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ეფექტიანობის აუდიტის მიმართულება, რომელშიც დაგეგმილია 19 აუდიტი და წინა წლებთან შედარებით, პრაქტიკულად ამ ციფრს ვაორმაგებთ.
ამგვარად, გეგმა არის ძალიან აქტიური, დატვირთული, ვადებში არის გაწერილი. ფინანსურ ნაწილში ყველა დასკვნა დამტკიცდება მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში და ჩვენ აქ აქცენტს გავაკეთებთ 2017 წელზე.
რაც შეეხება მერიას, მერიასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან აქტიური პროგრამა. გვაქვს დაგეგმილი შვიდი აუდიტი, როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე ეფექტიანობის, ასევე შესაბამისობის კუთხით, ესეც 2017 წელს შეეხება. მერიის ნაწილში ორი აუდიტი მიმდინარეობს და დანარჩენი ხუთის თემატიკა მზადდება და დაიწყება უახლოეს დღეებში“, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.