ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე აუდიტის დასკვნაში პრაქტიკულად არ არის შენიშვნები, შესყიდვები და მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები უნაკლოდ არის ჩატარებული
ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე აუდიტის დასკვნაში პრაქტიკულად არ არის შენიშვნები, შესყიდვები და მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები უნაკლოდ არის ჩატარებული

შესყიდვები, რომლებიც ორგანიზაციამ განახორციელა, ამხელა მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები პრაქტიკულად უნაკლოდ არის ჩატარებული, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, აუდიტის დასკვნიდან პრაქტიკულად არ იკვეთება ხარვეზები.

„სამეურვეო საბჭო მსჯელობდა გარე აუდიტის დასკვნაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ბერკეტი სამეურვეო საბჭოს ხელში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რითაც სამეურვეო საბჭო ამოწმებს მენეჯმენტის მუშაობას. გარდა ამისა, ეს არის დოკუმენტის ნაწილი, რომელიც გადაეგზავნება პარლამენტს. შეგვიძლია, მენეჯმენტის საქებრად ითქვას, რომ პრაქტიკულად არ არის შენიშვნები, მხოლოდ რამდენიმე მცირე ხარვეზი, რომელიც დიდ ორგანიზაციაში მუშაობისას ხდება და იქნება გათვალისწინებული. შეიძლება, ითქვას, „მინუსი“ ის არის, რომ ისე მაღლა ასწია მენეჯმენტმა თამასა, რომ შემდეგ წლებში, ბუნებრივია, ვეღარ შევეგუებით უფრო დაბლა ჩამოსვლას. ასეთი შესყიდვები, რომლებიც ორგანიზაციამ განახორციელა და ამხელა მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები პრაქტიკულად უნაკლოდ არის ჩატარებული. ეს დოკუმენტი თითოეულ ადამიანს შეუძლია, ნახოს, არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების დასკვნაზე მუშაობა დაასრულა. პროცესი მოიცავდა ფინანსური ანგარიშგებების, შესყიდვებისა და საგადასახადო აუდიტს. აუდიტორულმა კომპანიამ სამივე მიმართულებით დადებითი დასკვნა მოამზადა. დარღვევა არც ერთი მიმართულებით არ გამოვლენილა. კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტის დასკვნები პარლამენტს ეგზავნება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მაუწყებლის საქმიანობის ანგარიშთან ერთად განიხილავს.

დატოვე კომენტარი