ირაკლი მელაშვილი - თვითმმართველობებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გამოსვლა ძალიან უცნაური იყო
თვითმმართველობებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გამოსვლა ძალიან უცნაური იყო, – განაცხადა ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„ჩვენ კოლეგები ვიყავით კანცელარიაში და ამ საკითხზე რამდენჯერმე გვქონდა ნასაუბრები. მაშინ გიორგი ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე იყო და მან რამდენიმე სიტუაციაში ძალიან კარგად დაინახა, რეგიონებში როგორ შეფერხდა პროექტების განხორციელება და ძალიან წუხდა ამაზე. ჩემი აზრით, მისი გამოსვლა ძალიან უცნაური გამოსვლა იყო. იმიტომ, რომ იქნებ, მითხრან, რომელი ფინანსური რესურსები გადაეცა მუნიციპალიტეტებს?!“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
ამ განცხადებით ირაკლი მელაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს გიორგი გახარიას მიერ 2019 წლის 8 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ დღეისთვის თვითმმართველობებს, დიდ უფლებამოსილებებთან ერთად, სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტები აქვთ გადაცემული და ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს, ისედაც არარსებული თვითმმართველობა კიდევ უფრო შეავიწროოს.
მისი თქმით, რჩება ქონების გადასახადი, 2016 წელს დარჩა საშემოსავლო გადასახადის რაღაც ნაწილი და რამდენიმე თვეში ბიზნესმენები გადასახადის ზუსტად იმ ნაწილში გათავისუფლდნენ, რომელიც მუნიციპალიტეტებში მიდიოდა.
„მიწის გადასახადი რჩება ადგილზე, მაგრამ ხუთ ჰექტრამდე გავათავისუფლეთ და საქართველოს მუნიციპალიტეტების 80 პროცენტში ხუთ ჰექტარზე ზევით მიწის ნაკვეთი არ არსებობს. ქონების გადასახადი რჩება, მაგრამ ფიზიკური პირების ქონების გადასახადში გვაქვს ასეთი სიტუაცია, რომ 40 000-ზე ნაკლები შემოსავალი ვისაც აქვს, არ იხდის, 40 000-ზე ზევით შემოსავალი კი დეკლარაციაში საქართველოს 33 000-მა მოქალაქემ დააფიქსირა. ეს ერთი პროცენტია, ხოლო 99 პროცენტი ამ გადასახადებიდან, რომელიც გვიწერია, რომ მუნიციპალიტეტის არის, ასევე არ არის ასე“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
მელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სტრატეგიაზე ცხრა თვის განმავლობაში იმუშავა ექსპერტების ძალიან დიდმა ჯგუფმა, რომელმაც ფინანსთა სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს თავისი ხედვა წარუდგინა, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ იღებს.
„ყველა განხილვა ჩატარებულია და ცხრა თვეა, პასუხს ველოდებით. ცხრა თვეა, ველოდებით, როდის დადებს სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტს მთავრობა. დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან უნდა და ძალიან ბევრ რამეში დაგვეთანხმნენ ისევე, როგორც ფინანსთა სამინისტრო დავითანხმეთ ძალიან ბევრ რაღაცაში, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ იღებს“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვის არ უნდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და როგორ უნდა ეშველოს პრობლემას, მელაშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ვის არ უნდა, ხოლო პრობლემას კანონი უშველის.
„კანონში, პირველ რიგში, უნდა იყოს ის, რომ ქონება უნდა გადაეცეს. იმ კოდექსში რაც წერია, ყველა ვადა გაუვიდა. 2017 წელს უნდა ჰქონოდა ქონება გადაცემული. აგერ არის პარლამენტი და ჰკითხეთ, რატომ არ ასრულებენ თავიანთ მიღებულ კანონებს; აგერ არის მთავრობა და ჰკითხეთ, რატომ არ ასრულებენ ამ კანონებს“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
შეკითხვაზე, მონაწილეობს თუ არა ამ პროცესში ეკლესია და არსებობს თუ არა იმავეს განმეორების შესაძლებლობა, რაც 2013 წელს მოხდა, ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ ეკლესია ამ პროცესში არ მონაწილეობს და 2013 წელს იყო ერთეული შემთხვევა, რომელიც მაშინ, პროცესის გასაჩერებლად ძალიან ცუდად იქნა გამოყენებული.