ირაკლი მელაშვილი - ჩვენი უბედურება ის არის, რომ ილუზიაში ვართ, თითქოს, ადგილობრივი პრობლემების მოგვარება ცენტრალურ ხელისუფლებას უფრო ეფექტურად შეუძლია
ირაკლი მელაშვილი - ჩვენი უბედურება ის არის, რომ ილუზიაში ვართ, თითქოს, ადგილობრივი პრობლემების მოგვარება ცენტრალურ ხელისუფლებას უფრო ეფექტურად შეუძლია

ჩვენი უბედურება ის არის, რომ დღესაც ილუზიაში ვართ, თითქოს, ადგილობრივი პრობლემების მოგვარება ცენტრალური ხელისუფლებიდან უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„საქართველოში არის 3 500 დასახლება და დღესაც ილუზიაში ვართ, რომ ამ 3 500 დასახლების პრობლემის მოგვარება ცენტრალური ხელისუფლებიდან უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი, ვიდრე ადგილობრივების მხრიდან. ჩვენი უბედურება არის ის ილუზია, რაშიც ვიმყოფებით, რომ სამინისტრო უკეთ შეძლებს ფოთში საქმის გაკეთებას, ვიდრე თავად ფოთელები შეძლებენ; მათ ჰგონიათ, რომ მინისტრებმა, აქ მყოფმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც იმ ქალაქებში არც კი ჩადიან, უკეთ იციან ადგილობრივი პრობლემები, ვიდრე ადგილობრივმა ადამიანებმა“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ლობირებდა თუ არა 2013 წელს თვითმმართველობის კოდექსის კანონპროექტს ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ისინი თვითმმართველობის კოდექსთან ვერც კი მივიდოდნენ.

„კოდექსთან მიმართებით ხელისუფლებაში დიდი წინააღმდეგობა იყო. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ მაშინ კოდექსთან ვერც კი მივიდოდით. ამას პირდაპირ ვამბობ. კოდექსს მხარს უჭერდა ივანიშვილი, უსუფაშვილი და სხვა პოლიტიკოსები. ამის წინააღმდეგი იყო მთელი ძალოვანი სისტემა და ეკონომიკური ბლოკი. ჩვენი ეკონომისტებისა და ფინანსისტების 90 პროცენტი საშინელი ცენტრალისტები არიან, ხოლო ძალოვნებს ეს საკითხი ასე ჰქონდათ დაყენებული, რომ როგორ შეიძლება, მერი არჩევითი იყოს“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ეს ადამიანები ეკლესიამ გამოიყენა თავისი იდეის გასატანად თუ პირიქით, ხელისუფლების ამ წარმომადგენლებმა გამოიყენეს ეკლესია, ირაკლი მელაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანებმა ზუსტად ამ მომენტში გამოიყენეს ეკლესიის ავტორიტეტი, რათა თავიანთი ბერკეტები შეენარჩუნებინათ.

„აქ დიდ ფულზეა საუბარი. საქართველოს საჯარო ფინანსების 80 პროცენტი ერთ ადგილას, ცენტრალური მთავრობის ხელშია, დარჩენილი 14 პროცენტიდან ნახევარი ისევ თბილისში რჩება და მთელ დანარჩენ საქართველოზე შვიდი პროცენტი მოდის“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ის მიიღო, რომ ყველა რეგიონს ოთხწლიანი სტაბილური განვითარების პერსპექტივა მიეცა.

„როცა სამსახური შეიქმნა და მე მივედი, 20 მუნიციპალიტეტთან კარვები იყო გაშლილი და აქედან ნახევარზე მეტი „ქართული ოცნება“ უპირისპირდებოდა „ქართული ოცნების“ მერებს. დღეს რეგიონებში მეტ-ნაკლები პოლიტიკური სტაბილურობა რომ გვაქვს, ეს ამ არჩევითობამ მოიტანა; დღეს რაღაცების განვითარებაზე რომ დაიწყეს ფიქრი და საშუალოვადიანი გეგმების გაკეთება, ეს სტაბილურმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოიტანა“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, იმ უამრავი ხარვეზის მიუხედავად, რაც თვითმმართველობის მუშაობას აქვს, ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი მაინც ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს.

„აიღეთ ყველა ბოლო გამოკითხვა. თვითმმართველობის რეიტინგები სტაბილურად იზრდება. არა იმიტომ, რომ იქ საუკეთესო კადრებია შერჩეული, არამედ იმიტომ, რომ ისინი არიან ველზე გასული და ფაქტობრივად, ისინი ხვდებიან მოსახლეობას. ადამიანები ხედავენ, რომ ეს ხალხი, ვინც მათი მეზობელია, უფრო დაინტერესებულია მათი პრობლემების მოგვარებით, ვიდრე თბილისში მჯდარი ძალიან კარგი ჩინოვნიკი, რომელმაც ეს არ იცის“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.