ირაკლი ლექვინაძე - თუ სხვადასხვა საკითხზე შეთანხმება მოხდება, „აგარის ქარხანა“ ორი თვის ვადაში ამუშავდება
ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, „აგარის ქარხნის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილეს, რა სჭირდება საწარმოს მუშაობის გასაგრძელებლად და გარკვეული საკითხები სამინისტრომ გაიზიარა. ეს განცხადება ლექვინაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან, „აგარის ქარხნის“ თანამშრომლებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, ეს საკითხები ამჟამად შეჯერების ეტაპზეა, თუმცა მზაობა და სურვილი იმისა, რომ აგარის ქარხანამ მუშაობა განაგრძოს, არსებობს.
„ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ საკითხს და ვსაუბრობთ სხვადასხვა მხარესთან, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ის პრობლემა, რომელიც გაწუხებთ – საწარმოს მუშაობის განახლება, მოგვარდეს. ჩემი მოადგილე და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები 18 აპრილსაც იყვნენ ჩამოსული თქვენთან, სადაც გითხრეს, რომ დღეს გაიმართებოდა შეხვედრა ქარხნის მფლობელთან, რომელიც უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და დაიწყებოდა განხილვა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქარხანამ მუშაობა განაგრძოს.
დღეს ეს შეხვედრა შედგა და დაისვა საკითხები, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ან კომპანიამ იმისთვის, რომ არამომგებიანობის თემა მოიხსნას და საწარმომ მუშაობა განაგრძოს. დღეს შეხვედრა ამ წინადადებების გაზიარებით დასრულდა.
მომავალი კვირის დასაწყისამდე გარკვეული საკითხები დაზუსტდება, მათ შორის, რა პერიოდით შეიძლება გაგრძელდეს რიგი საკითხების მხარდაჭერა. დღევანდელი მოცემულობით, თუ ამ საკითხების შეჯერება და გაზიარება მოხდა, სადღაც ორთვიანი ჩარჩოა იმისთვის, რომ საწარმომ მუშაობა დაიწყოს. ეს სამუშაო პროცესი გრძელდება.
ჩვენი სამსახური ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული, როგორც კომპანიასთან, ისე ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის კუთხით, რათა მაქსიმალურად მოხდეს იმ საკითხების გაზიარება, რაც კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკების ასოციაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, შედგა შეთანხმება იმ ადამიანებისთვის სესხების მომსახურების ექვსი თვით გადავადების შესახებ, რომლებსაც ბანკებიდან სესხები აქვთ აღებული.
„კომპანიისგან ჩვენ მივიღეთ 80-კაციანი სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ბანკებში გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვთ. ბანკების ასოციაციასთან გვქონდა კომუნიკაცია და არსებობს ყველანაირი მზაობა, რომ ამ ადამიანებს სესხის მომსახურება ექვსი თვით გადაუვადდეთ. ამ თემაზე ბანკები თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად შეუთანხმდებიან“, – აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.
„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლებმა საწარმოს ამუშავების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მართავდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია „სოლიდარობა აგარას” მას შემდეგ დასრულდა, რაც აქციის მონაწილეებმა ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძისგან დაპირება მიიღეს, რომ ქარხანა დაახლოებით ორ თვეში შეძლებს მუშაობის განახლებას.