ირაკლი ლექვინაძე - შრომის ინსპექციას ნებართვის გარეშე შესვლა მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებში უნდა შეეძლოს
ობიექტების სია, რომელშიც შრომის ინსპექციას შესამოწმებლად ნებართვის გარეშე შესვლა შეეძლება, ვიწრო უნდა იყოს და მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებს ეხებოდეს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ბიზნესომბუდსმენის მოსაზრებით – უნდა შედიოდეს თუ არა მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოების სიაში კვების ობიექტები.
„ჩვენ ამ საკითხზე გვაქვს ძალიან მკაფიო მოსაზრება. ვფიქრობთ, უნდა არსებობდეს შედარებით ვიწრო სია და აღნიშნული სია უნდა ეხებოდეს მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებს. ეს არის ძირითადად, ინდუსტრიული და მძიმე ინდუსტრიული საწარმოები, სადაც უშუალოდ დასაქმებულებს შეხება აქვთ შედარებით მომეტებული საფრთხის მქონე გარემოსთან. რაც შეეხება ოფისებს და სხვადასხვა სექტორის მქონე კომპანიებს, სადაც აღნიშნული თემის საჭიროება არ დგას გვგონია, რომ ამ ეტაპზე, ეს არის ზედმეტი და დამატებითმა რეგულაციებმა შეიძლება უბრალოდ დაამძიმოს ბიზნესის ოპერირება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ, შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც შრომის ინსპექციას მომეტებული საფრთხის ობიექტებში შესვლა ნებართვის გარეშე შეეძლება. ამ ეტაპზე, სიის განსაზღვრაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ მომეტებული საფრთხის შემცველ საწარმოებში კვების ობიექტებიც შევიდეს.