ირაკლი ლექვინაძე - სასტარტო კაპიტალით სარგებლობის პირველადი შედეგების დანახვა ერთი წლის თავზე იქნება შესაძლებელი
ბანკებს თავიანთი მიმართულება აქვთ და ეკონომიკის გარკვეულ სეგმენტზე მუშაობენ. თუმცა, არის გარკვეული ბიზნეს სუბიექტები, სადაც თანამონაწილეობის საჭიროება რეალურად დგას, – ამის შესახებ პირველი ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო რესურსის გამოყენებას იმ უზრუნველყოფის სახით, რომელიც შესაძლოა, ბანკებისთვის სასესხო რესურსის გაცემისას დამატებითი გარანტიები იყოს, ვფიქრობ, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ძირითად ნაწილში მოხსნის. საუბარია წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარზე“, – განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესისთვის.
„ვფიქრობ, მთლიანობაში საკმაოდ კარგ შედეგს მივიღებთ, რადგან ამ გადაწყვეტილებით შესაძლებლობა იქმნება, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდეს, რომლებიც აქამდე იმის გამო იყო გაჩერებული, რომ შესაძლოა, ბანკები მათ მაღალრისკიანად თვლიდნენ“, – განაცხადა ლექვინაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდიდან შეძლებენ მეწარმეები სასტარტო კაპიტალით სარგებლობას და როდიდან უნდა ველოდოთ შედეგებს, ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ პირველადი შედეგების სურათის დანახვა ერთი წლის თავზე იქნება შესაძლებელი.
„ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის, მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობები იქმნება. საფინანსო სექტორი ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული და მთლიანობაში, ურთიერთშემოვსებლის პრინციპით, შესაძლოა, ამან საკმაოდ პოზიტიური და კარგი შედეგი მოგვცეს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.