ირაკლი ლექვინაძე - საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი უცხოურ ბაზრებზე ქართული კომპანიების დაცვის ბერკეტებს აძლიერებს
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი უცხოურ ბაზრებზე ქართული კომპანიების დაცვის ბერკეტებს აძლიერებს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისა და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს. ორივე საკითხი ახალმა მთავრობამ საკუთარი პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტად აღიარა და მათ მთელი თავი მიუძღვნა. ახალი მთავრობა პარლამენტმა გასულ უქმეებზე დაამტკიცა.
გადაცემის მსვლელობისასა აღინიშნა, რომ ბიზნესომბუდსმენი აპარატის და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 11 ოქტომბერს თბილისი საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლებს.
კონფერენციაზე „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ განხილული იქნება ბიზნესის უფლებების დაცვის მექანიზმები და საერთაშორისო გამოცდილება. ასევე, კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ბიზნესსექტორის განვითარებისთვის.
ლექვინაძის ინფორმაციით, საქართველოში ექვსი ქვეყნის ბიზნესომბუდსმენი ჩამოვა და მათთან თანამშრომლობა უცხოურ ბაზრებზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების ინტერესების დაცვის კუთხით, კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი იქნება.
„ასეთი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებას ორგანიზებას პირველად ვუწევთ. ბიზნესომბუდსმენები ექვსი ქვეყნიდან იქნებიან წარმოდგენილი. ესენია პოლონეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ალბათ ალბანეთიც დაემატება. ყველა ამ ქვეყანაში ბიზნესომბუსდსმენის აპარატს სხვადსხვა ფორმა აქვს. ორი მთავარი მიზანი გვაქვს: ეს ორგანიზაციები ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითაა შექმნილი, მათ შორის ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია. ამიტომ ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მათი გამოცდილება. მეორეს მხრივ, ეს არის დამატებითი ბერკეტი. თუ იმ ბაზრებზე ქართული კომპანიებია წარმოდგენილი, ჩვენი კოლეგა ინსტიტუტების საშუალებით, გარკვეულწილად, დამატებითი კომუნიკაციის საშუალება გვექნება“, – განმარტა ბიზნესომბუდსმენმა.