ირაკლი ლექვინაძე - რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა უნდა გაიზარდოს
რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა უნდა გაიზარდოს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ, კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე „მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ განაცხადა. ირაკლი ლექვინაძემ პანელზე „საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ასეთი მაღალი დონის ფორმატში, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლებთან და ინვესტორებთან ერთად ვისაუბრო რეგიონულ დონეზე ბიზნეს გარემოზე, შესაძლებლობებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებსაც კერძო სექტორი დღეს რეგიონში ბიზნესის კეთების პროცესში აწყდება. ჩვენ რეგულარულად ვატარებთ რეგიონულ ბიზნესებთან შეხვედრებს და მთავარი, რასაც ბიზნესი ითხოვს ეს არის მოქნილი ბიუროკრატია და ადგილობრივი თვითმმართველობებში ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპის დაჩქარება“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, საქართველო დღეს რეგიონში ლიდერია ბიზნეს გარემოს მიმართულებით და ამას არაერთი საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის პოზიციაც ადასტურებს, თუმცა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში იჩენს თავს კერძო სექტორისთვის რიგი პრობლემური საკითხები, რომლებსაც სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა სჭირდება.
„რეგიონებში ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად და ინვესტორების გასააქტიურებლად მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა გაიზარდოს და ურთიერთობები იყოს პროაქტიული. ასეთი ტიპის ფორუმები მისასალმებელია და განსაკუთრებით ეხმიანება ქვეყნებს შორის ბიზნეს ასოციაციების მოთხოვნას ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მთავრობებთან საერთაშორისო პროექტების განვითარება – განხორციელებისათვის“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. პანელზე „საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები“ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.