ირაკლი ლექვინაძე - რეგიონებში კვლავ პრობლემად რჩება ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების ტემპი
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ რეგიონული შეხვედრების სერია დაიწყეს.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას და მედიაცია/არბიტრაჟის კომერციულ დავებში გამოყენების ხელის შეწყობას ემსახურება.
პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს ქუთაისში გაიმართა. ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენელი დავით ედილაშვილი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგნელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენელმა, დავით ედილაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მედიაციისა და არბიტრაჟის, როგორც – ბიზნესდავების ეფექტიანი მოგვარების გზების უპირატესობებზე ისაუბრეს.
ამასთან, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია აპარატის საქმიანობის შესახებ და ისაუბრა აპარატის როლზე, როგორც მედიატორზე ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის.
„რეგიონებში კვლავ პრობლემად რჩება კერძო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კომუნიკაციის ხარისხი. აუცილებელია ამ მიმართულებით დიალოგის გაუმჯობესება და ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების ტემპების დაჩქარება. ჩვენი აპარატი მზად არის, იყოს მედიატორი თითოეულ მეწარმესა და სახელმწიფო უწყებებს შორის და ხელი შეუწყოს მხარეებს შორის კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებას და არსებული პრობლემების მედიაციის გზით გადაწყვეტას“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
ქუთაისის შემდეგ, მედიაცასა და არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრები ფოთში, ახალციხესა და თელავშია დაგეგმილი.
„შეხვედრები ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Business) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი რეგიონულ ბიზნესწრეებში მედიაციასა და არბიტრაჟზე, როგორც ბიზნესდავების ეფექტიანი მოგვარების გზებზე ცნობიერების ამაღლებაა“, – აცხადებენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში.