ირაკლი ლექვინაძე - მთავარია, რომ შპს „კოლორპაკი“ ფუნქციონირებს და დოკუმენტაციის ამოღების პროცესს ბიზნესსაქმიანობის შეფერხება არ გამოუწვევია
შპს „კოლორპაკთან“ დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის ოფისი ინფორმირებულია. მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი ღონისძიებების გატარებამ საფრთხე არ შეუქმნას ბიზნესის ფუნქციონირების უწყვეტობას“, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა პროკურატურის მიერ „პალიტრამედიას“ სტამბიდან დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, პროკურატურის მოქმედებები კანონიერია და ხელს არ უშლის ბიზნესის ფუნქციონირების უწყვეტობას.
„მთავარია, რომ შპს „კოლორპაკი“ ფუნქციონირებს და დოკუმენტაციის ამოღების პროცესს არ გამოუწვევია ბიზნესსაქმიანობის შეფერხება. რაც შეეხება პროკურატურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების მიზანს, ამას, ალბათ, შესაბამისი უწყებები მისცემენ სამართლებრივ შეფასებას, რადგან შპს „კოლორპაკი“ არის მედიაჰოლდინგში შემავალი კომპანია, ამიტომ დოკუმენტაციის გამოთხოვის პროცესი აუცილებლად განხილული იქნას როგორც მედიაზე ზეწოლის ინსტრუმენტი – არ არის მართებული“,- ამბობს ბიზნესომბუდსმენი.