ირაკლი ლექვინაძე - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო პოზიტიურია, აუცილებელია ბიზნესთან დიალოგი
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს პირველად ხვდება. ღონისძიებას ესწრებიან პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს-ასოციაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
შეხვედრის პირველ ნაწილში ირაკლი ლექვინაძე, ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას გამართავს და საქმიანობის მთავარი პრინციპებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდება.
ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო არის პოზიტიური, აუცილებელია ბიზნესთან დიალოგი, იმისთვის რომ ტექნიკურ და თემატურ პრობლემებზე მსჯელობა მოხდეს.
“დღეს ჩვენ ვიწყებთ შეხვედრებს ბიზნესსექტორთან. პირველი შეხვედრა არის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრ ბიზნესასოციაციასთან, სადაც არიან როგორც სექტორული, ასევე რეგიონალური ბიზნესასოციაციები და მისი წევრი ბიზნესკომპანიები. ეს შეხვედრები გაგრძელდება როგორც მსხვილ ბიზნესგაერთიანებებთან, ასევე სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ბიზნესგაერთიანებებთან. შემდეგი კვირაც უკვე დაგეგმილი გვაქვს. ვხვდები საკონსულტაციო და იურიდიულ კომპანიებს, რომლებიც ბიზნესთან აქტიურად მუშაობენ და ასევე ვხვდებით ბიზნესის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ირგანიზაციებს. ამ შეხვედრების დროს ჩვენ მოვახდენთ საკითების პრიორიტეტიზაციას და მიტანას შესაბამის ორგანიებამდე“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
რაც შეეხება გამოწვევებს, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მთავარი გამოწვევა არის გაჭიანურებული სასამართლო დავები და ასევე ბიზნეს დავევის განხილვის პრაქტიკა და საჭირო კომპეტენცია.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოწვევით ღონისძიებას ბიზნეს-სექტორის 80-მდე წარმომადგენელი ესწრება.