ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ საწარმოების ინსპექტირება, ამ ეტაპზე, ბიზნესის ყველა სექტორზე არ უნდა გავრცელდეს
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული საწარმოების ინსპექტირება, ამ ეტაპზე, ბიზნესის ყველა სექტორზე არ უნდა გავრცელდეს. ამის შესახებ მან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიებისა და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ბიზნესომბუდსმენი განმარტავს, ყველა თანხმდება, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომეტებული საფრთხის საწარმოებში.
„რაც შეეხება კანონმდებლობის მიმართ მიდგომას, ვფიქრობთ, ძალიან ბევრი საკითხია, რომელსაც ბიზნესი სვამს. კანონის მიმართ არსებობს გარკვეული შენიშვნები, რომელიც საყურადღებოა. ერთია, რომ არსებობს კანონი და მეორეა მისი პრაქტიკაში განხორციელების საკითხი. მიგვაჩნია, რომ ეს არ უნდა იქცეს ბიზნესისთვის დამატებით ტვირთად. პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ დაჯარიმება არ არის გამოსავალი. მთავარია მომეტებული საფრთხის შემცველ საწარმოში შესაბამისი პირობები შეიქმნას“, – განაცხადა ლექვინაძემ.
ამასთან, მისი შეფასებით, ინსპექტირება გარკვეული სტანდარტებით უნდა განხორციელდეს და არ იყოს ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთი, რადგან ბიზნესი ამას სენსიტიურად აღიქვამს.
„ეს შენიშვნები ბიზნესთან ერთად გვაქვს ჩამოყალიბებული და განხილვის პროცესში აქტიურადაა ჩართული ბიზნესომბუდსმენის აპარატი. ვცდილობთ, ეს საკითხები გათვალისწინებული იქნას. ასევე, მივიჩნევთ, მისი გავრცელება ყველა სექტორზე, ამ ეტაპზე, ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამის საჭიროება ყველგან არ არსებობს“, – განაცხადა ლექვინაძემ.