ირაკლი ლექვინაძე - კომპანიების თანაბარ პირობებში ჩაყენება თუ გვსურს, უმჯობესია, „ოქროს სიის“ გაფართოებაზე ვიფიქროთ
მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებისთვის კონკურენციის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, უმჯობესია, იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი, რომლითაც ე.წ. ოქროს სიის წევრი 217 კომპანია სარგებლობს, კი არ გაუქმდეს, არამედ სიის მიღმა მყოფ კომპანიებზეც გავრცელდეს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში გასულ კვირაში გამოქვეყნებული ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება განიხლიეს, რომლითაც ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი უქმდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიზნესის მხრიდან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. ფინანსთა სამინისტროს არგუმენტი კი, ყველა კომპანიის თანაბარ პირობებში ჩაყენებაა.
ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კონკურენციის პირობების გათანაბრება ნამდვილად საჭიროა, მაგრამ უმჯობესია, აღნიშნული შეღავათს ყველა კომპანიაზე გავრცელების გზით მოხდეს და არა პირიქით – გამარტივებული პროცედურების ყველა ბიზნესსუბიექტისთვის გართულებით.
ლექვინაძის განმარტებით, ე.წ. ოქროს სიაში კომპანიები ზომის მიხედვით კი არ ხვდებიან, არამედ იმის მიხედვით, გადასახადების რამდენად კანონმორჩილი გადამხდელები არიან და რამდენად გამჭვირვალეა მათი ბიზნესი.
„ჩვენი პოზიცია პირობების გათანაბრებასთან დაკავშირებით ასეთია: ზოგადად, ყველაზე მისაღები არგუმენტი არის ის, რომ იყოს თანაბრობა. თუმცა პირადად მე მიმაჩნია, რომ კომპანიებისთვის მოტივაციის მიმცემი ფაქტორი უნდა არსებობდეს, რაც კომპანიებს უბიძგებს, იყვნენ მოწესრიგებული იმისთვის, რომ გარკვეული პრივილეგირებული მდგომარეობა ჰქონდეთ. იყოს თანაბრობა, ოღონდ თუ გვინდა ე.წ. ოქროს სიის გარეთ მყოფი კომპანიების მხარდაჭერა, მაშინ შესაძლებელია, იმპორტის გადასახდელების ვადის გაზრდის მიმართულებით ვიფიქროთ მათთვის, ვინც პრივილეგიებით არ სარგებლობენ, ვიდრე მათ გავურთულოთ ცხოვრება, ვინც ამ გრძელვადიანი განბაჟებით სარგებლობს“, – განაცხადა ლექვინაძემ.
გადაცემის თანაწამყვანმა და ილიაუნის ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა, გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ გარკვეულწილად ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიების მიმართ უარყოფითი განწყობის უსაფუძვლოდ შექმნა ხდება.
ბიზნესომბუდსმენმა განმარტა, რომ ე.წ. ოქროს სიაში შეიძლება იყოს, როგორც მსხვილი, ისე საშუალო კომპანია.
„ასე ნუ გავყოფთ კომპანიებს. ე.წ. ოქროს სიაში შეიძლება იყოს როგორც მსხვილი, ისე საშუალო კომპანია, ისევე როგორც სიის გარეთ შეიძლება, იყოს მსხვილი კომპანია. სიაში ხვდებიან კომპანიები, რომლებსაც შეძლებისდაგვარად მოწესრიგებული აქვთ ყველაფერი, არ უფიქისრდებათ არანაირი დარღვევა. ეს კომპანიებისთვის სტიმულის მიმცემია და ბუნებრივია, ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს მოტივაცია, ამ გზით წავიდეს. არსებული მოცემულობით შექმნილია პრივილეგიის საკმაოდ წარმატებული პრაქტიკა და უკეთესია, გაუმჯობესების მიმართულებით ვიაროთ“,- განაცხადა ლექვინაძემ.
თუმცა ბიზნესომბუდსმენმა განმარტა, რომ მთავარი პრობლემა ე.წ. ოქროს სიის პრივილეგიების გაუქმებაში კი არ მდგომარეობს, არამედ ამ გადაწყვეტილების სწრაფ ამოქმედებაში, რაც ბიზნესს დაუგეგმავი ხარჯების წინაშე აყენებს. ლექვინაძის თქმით, უკვე შედგა კომუნიკაცია ფინანსთა სამინისტროსთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან და სავარაუდოდ, ბიზნესსა და მთავრობას შორის კონსენსუსის მიღწევა გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე მოხერხდება.
„ვადები არის კრიტიკული, თუმცა კონსულტაციები, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების ამოქმედებამდე შედგება“, – განმარტა ბიზნესომბუდსმენმა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა.