ირაკლი ლექვინაძე - ინსპექტირების მიზანი არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია უნდა იყოს და არა კომპანიის დაჯარიმება
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და ბიზნესომბუდსმენის ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრაზე ბექა ფერაძემ მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პირველ ეტაპზე თბილისში 200-მდე სამშენებლო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.
„ბიზნესსექტორი მიესალმება შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და ვიზიარებთ ახალი რეგულაციების მიზანს, უზრუნველყოფილი იყოს შრომის უსაფრთხოების ნორმები. თუმცა ვფიქრობთ, რომ დღეს მოქმედი რეგულაციები ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური არ არის და შესაძლოა, აღსრულების ნაწილში პრობლემები შეიქმნას. მნიშვნელოვანია, მშენებელ კომპანიებს ცხადი ინფორმაცია ჰქონდეთ ინსპექტირების პროცესის და პროცედურების შესახებ. შრომის პირობების ინსპექტირების ერთადერთი შედეგი დაჯარიმება არ უნდა იყოს და ეს ბიზნესისთვის არ უნდა იქცეს ტვირთად. ინსპექტირების მიზანი არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია უნდა იყოს და არა კომპანიის დაჯარიმება“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
მისივე ცნობით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კანონპროექტის განხილვის პროცესში და სამუშაო ჯგუფის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტს არაერთი რეკომენდაციით მიმართა.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ბიზნესომბუდსმენის ოთხი შენიშვნიდან ორი პარლამენტმა სრულად გაითვალისწინა, თუმცა ბიზნესომბუდსმენის მოსაზრებით, მოქმედ კანონში კვლავ რჩება ორი კრიტიკული საკითხი: „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება ეკონომიკის ყველა დარგზე და შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციას) უფლება, შევიდეს ნებისმიერ სამუშაო ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ჯერადობით, წინასწარი შეტყობინებისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე.