ირაკლი ლექვინაძე - „ევრო4“-ის დიზელზე ერთწლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას მხარს ვუჭერთ
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან პირველი იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ახალი ნორმების მიხედვით 2020 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმები „ევრო5“-ის ტიპის სტანდარტის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში დიზელის საწვავზე მოქმედი ხარისხობრივი ნორმები „ევრო4“-ის სტანდარტს შეესაბამება. ამასთან, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული დიზელის საწვავი „ევრო4“-ის სტანდარტია და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ევრო5“-ის ტიპის დიზელის საწვავის წარმოებას 2021 წლიდან გეგმავს. შესაბამისად, რეგულაციის 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედების შემთხვევაში 2020-2021 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დიზელის საწვავის იმპორტი სრულად შეიზღუდება. აღნიშნულის გათვალისწინებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მოთხოვნაა, გამოცხადდეს ერთწლიანი მორატორიუმი ადგილობრივ ბაზარზე „ევრო4“-ის სტანდარტის დიზელის საწავავის გამოყენების თაობაზე.
„შეხვედრაზე წარმოდგენილი ინფორმაცია საკმარისია იმისთვის, რომ დაიწყოს განხილვები დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედების ვადის კორექტირებასთან დაკავშირებით. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც დღეს წარმოდგენილ პრეზენტაციაში აღინიშნა. მათ შორისაა იმპორტის მოცულობა, 40 პროცენტია ბაზარზე პროდუქტის წილი, რომელიც იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და რეგულაციის 2020-დან ამოქმედებით იმპორტის ეს ნაწილი სრულად იზღუდება. არის ასევე შეფასებები, რომელიც უკავშირდება ემისიებს, ავტოპარკის ტექნიკურ მახასიათებლებს და ფასთა შორის სხვაობის საკითხები. ჩვენს აპარატს მხარდაჭერისთვის მომართა ნავთობიმპორტიორთა კავშირმა და კომპანია „სოკარმა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი შესაბამის რეკომენდაციაზე მუშაობს.
„ვამუშავებთ რეკომენდაციას, სადაც ავსახავთ კერძო სექტორის მოთხოვნისადმი ჩვენს მხარდაჭერას, რადგან ინფორმაცია, რომელიც ბიზნესისგან დღეს მოვისმინეთ, ვფიქრობ, ქმნის საკმარის საფუძველს, რომ ეს საკითხი მაღალ დონეზე იყოს განხილული და შესაბამისად, მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას „ევრო4“-ის სტანდარტის დიზელზე ერთწლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.