ირაკლი ლექვინაძე - დამატებით ინფორმაციას ვცვლით ჯანდაცვის სამინისტროსთან და მედიკამენტებზე ფასების გაზრდის საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში მოკვლევის დაწყების შესახებ გამოვაცხადებთ
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, გარკვეულ მედიკამენტზე ფასების გაზრდის საკითხთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო უახლოეს მომავალში მოკვლევას დაიწყებს.
მისივე თქმით, მოკვლევის საგანი იქნება, საქმე ეხება ფარმაცევტულ კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებას თუ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.
როგორც ლექვინაძე ამბობს, მოკვლევის შედეგად კანონმდებლობის დარღვევა თუ დადასტურდება, შესაბამისი ფარმაცევტული კომპანიები დასანქცირდებიან.
„ჩვენ დამატებით ინფორმაციას ვცვლით ჯანდაცვის სამინისტროსთან და უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ მოკვლევის დაწყებას. სავარაუდოდ, მოკვლევა დაიწყება ორი მიმართულებით. ესენია: შესაძლო არაკეთილსინდისიერად შეთანხმებული ქმედება მსხვილი ფარმაცევტული ქსელების კუთხით და აღნიშნულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენება. კონკურენციის სააგენტო გარკვეული პროცედურის გავლის შემდეგ მოკვლევას დაიწყებს. იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის პროცესი აჩვენებს, რომ კონკურენციის კანონმდებლობა დაირღვა, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს დამრღვევი კომპანიების სანქცირებას. საკითხს პასუხი უნდა გასცეს მოკვლევის პროცესმა“, – განაცხადა ლექვინაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე კომპანიების ნაწილმა ფასები ხელოვნურად, მნიშვნელოვნად გაზარდა. მოგვიანებით ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ.