ირაკლი ლექვინაძე - ჩვენს კანონში ინიცირებული ცვლილებით ბიზნესომბუდსმენის აპარატი საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებში ბიზნესის პოზიციას გააძლიერებს
ჩვენს კანონში ინიცირებული ცვლილებით ბიზნესომბუდსმენის აპარატი საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებში ბიზნესის პოზიციას გააძლიერებს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე ირაკლი ლექვინაძემ 2018 წელს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის გადადგმულ ნაბიჯებსა და 2019 წლის გამოწვევებზე ისაუბრა.
„2019 წელს ბიზნესგარემოს მიმართულებით მთავარ გამოწვევად რჩება მოქნილი სასამართლო სისტემა ბიზნესდავების ეფექტურად გადასაწყვეტად, ბიუროკრატია საჯარო სექტორის საშუალო რგოლში და ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში ინიცირებულია ცვლილება, რომლიც მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის „სასამართლოს მეგობრის” (Amicus Curiae) ფუნქციის გამოყენების არეალი გაფართოვდება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა, საერთო სასამართლოების სისტემაშიც გავრცელდება.
„დავიწყეთ მუშაობა, რათა შევძლოთ ბიზნესის ინტერესების დაცვა სასამართლო სისტემაში. საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ცვლილება „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში, რომელიც გვანიჭებს უფლემოსილებას, ჩავერთოთ საერთო სასამართლოებში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებში და ჩვენი რეკომენდაციით გავაძლიეროთ ბიზნესის პოზიციები“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, ეკონომიკური გაერთიანებების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.