ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესს სასამართლო მეგობრის სერვისს სავარაუდოდ გაზაფხულიდან შევთავაზებთ
ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესს სასამართლო მეგობრის სერვისს სავარაუდოდ გაზაფხულიდან შევთავაზებთ

გაზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ბიზნესს სასამართლო მეგობრის სერვისი შევთავაზოთ, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა,  ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენი საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლო მეგობრის უფლებით სარგებლობს.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

მისი შეფასებით, სხვადახვა სასამართლო ინსტანციაში ბიზნესომბუდსმენისთვის სასამართლო მეგობრის ფუნქციის მინიჭება ხელს შეუწყობს ბიზნესთან დაკავშირებული საქმეების დროულ განხილვას და მოსამართლისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

„დღევანდელი კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოში ვიყოთ, როგორც სასამართლოს მეგობარი. ეს ფუნქცია პირველად 2018 წელს გამოვიყენეთ და მაისში გვქონდა პირველი პრეცედენტი, როდესაც დადებითად გადაწყდა ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაცია. გვსურს, სასამართლოს მეგობრის ფუნქცია სხვა ინსტანციის სასამართლოებზეც გავრცელდეს. ამ კუთხით პარლამენტში ინიცირებულია ცვლილება კანონში და, ვფიქრობთ, გაზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ბიზნესს შევთავაზოთ ეს სერვისი. თუ დავა ექნებათ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში, შეგვიძლია, ჩვენი რეკომენდაციებითა და ადვოკატით სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაში მათი პოზიცია გავაძლიეროთ“, – განაცხდა ლექვინაძემ.

ამასთან, მან განმარტა, რომ ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა ინფორმაციულობისა და საკითხში უკეთ გარკვევის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია.