ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესომბუდსმენის ოფისის მიერ გაცემული 80-მდე რეკომენდაციიდან 70% დაკმაყოფილებულია
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენის პორტალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და საქმიანობის ექვსი თვე შეაჯამა.
ბიზნესომბუდსმენმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დღეს ბიზნესს ყველაზე მეტად აწუხებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო-სამრეწვლო პალატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები.
„ექვს თვეში, რაც დავინახეთ მთავარი გამოწვევა და პრობლემა ბიზნესისთვის ეს არის სასამართლო დავების ვადებთან და სპეციალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე ბიუროკრატია საჯარო სექტორის საშუალო მენეჯმენტის რგოლში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოების კომუნიკაცია მეწარმეებთან უფრო ეფექტური გახდეს. რეგიონული შეხვედრების დროს გამოიკვეთა, რომ ადგილობრივ ბიზნესს აქვს ფინანსებზე ხელმისავწდომობის პრობლემა და სამუშაო ძალის კვალიფიკაციის პრობლემა. ასევე, რეგიონებში ხშირია საინვესტიციო პროექტების განხორციელების დროს შეფერხებები ადგილზე ანგაჟირებული ჯგუფების მხრიდან, რაც ხელს უშლის ინვესტორებს დაგეგმილ ვადებში დაასრულონ პროექტი”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნესობუდსმენი ახალ რეგულაციებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციები იყოს სისტემატიზებული და მათ დანერგვამდე მოხდეს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა შემდგომში გაუაზრებელმა ინიციატივებმა არ შეუქმნას ბიზნესს ახალ რეგულაციებთან ადაპტირების პრობლემა.
„ბიზნესის კეთების პროცესში მეწარმეების მხრიდან დანახული ეს პრობლემები ჩვენთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა. მიმდინარე წლის ექვს თვეში 600-ზე მეტ მეწარმეს შევხვდით და აპარატის მიერ გაცემული 80-მდე რეკომენდაციიდან 70% დაკმაყოფილებულია”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძე.