ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დღეს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

პრეზენტაციაზე ირაკლი ლექვინაძე საზოგადოებას ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ 2018 წელს განხორციელებული პროექტებისა და 2019 წელს დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას.

ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, 2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა განიხილა 316 საქმე, გაიცა 170-მდე რეკომენდაცია და შუამდგომლობა, რომლის დაკმაყოფილების მაჩვენებელი სხვადასხვა უწყების მხრიდან დაახლოებით 65 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

მისივე თქმით, 2018 წელს მსოფლიოს საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით დაიწყო ფუნქციონირება ბიზნესომბუდსმენის სპეციალური პორტალმა. პორტალის საშუალებით ბიზნესსექტორს აქვს შესაძლებლობა, ონლაინ რეჟიმში განახორციელოს ბიზნესომბუდსმენის აპარატთან კომუნიკაცია. პორტალი ასევე იძლევა გარკვეული ანალიტიკის წარმოების საშუალებასაც.

„ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ კანონში ცვლილებებს, რომელიც გულისხმობს სასამართლოს მეგობრის ფუნქციის გაძლიერებას. ბიზნესომბუდსმენს ამ ცვლილების შემდეგ შესაძლებლობა ექნება, ბიზნესი, რომელიც დავობს ადმინისტრაციულ ორგანოებთან და ჩვენ ვთვლით, რომ ბიზნესის პოზიციები ძლიერია, გვექნება შესაძლებლობა, რეკომენდაციით და ჩვენი იურისტის საშუალებით მხარი დავუჭიროთ მას. რაც შეეხება ყველაზე ხშირად განხილვად საქმეებს, ბიზნესომბუდსმენის აპარატში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე არის ბიუროკრატიულ ბარიერებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც უკავშირდება საინვესტიციო ვალდებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ყველაზე ხშირად მოპასუხე უწყება არის ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური. თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ შესაბამისად, კომუნიკაციის ხარისხი ძალიან მაღალი გვაქვს ამ უწყებასთან. ყველაზე ხშირად თბილისში რეგისტრირებული კომპანიები მოგვმართავენ, მეორე პოზიციაზეა აჭარის რეგიონი. ამ მიზნით, ჩვენ 2018 წელს სპეციალური წარმომადგენელიც დავნიშნეთ აჭარაში, რომელიც უშუალოდ მუშაობს აჭარის მთავრობასთან ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ეს არის ძირითადი აქცენტები, რომლებიც წარმოდგენილი გვექნება დღევანდელ ანგარიშში. ჩვენი ანგარიშის წარდგენას დაესწრება პრემიერი, ასევე საქართველოში მოქმედი ყველა ბიზნესასოციაცია თავის წევრებთან ერთად, ასევე ბიზნესსექტორი. გარდა ამისა, იქნება არასამთავრობო სექტორი, დონორები და ექსპერტები, რომლებიც ბიზნესსაკითხებზე მუშაობენ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 09:30 საათზე გაიმართება.