შევეცდები, ის საკითხები, რომელიც მუშავდება ბიზნესის მიმართულებით, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს მიტანილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე ძალიან აქტიური კომუნიკაცია ექნება ყველა ბიზნესასოციაციასთან, იქნება ეს მსხვილი თუ მცირე ბიზნესი.
ბიზნესომბუდსმენის თქმით, ზოგადად ქვეყანაში ბიზნესგარემო არის საკმაოდ პოზიტიური, რასაც ადასტურებს ის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, პროცესში შეიძლება იყოს რიგი ტექნიკური საკითხები, რა ნაწილშიც ბიზნესის მხარდაჭერა იქნება აქტუალური და ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზად იქნება, ამ გამოწვევებს რეალურად უპასუხოს.
მისივე თქმით, ბიზნესსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.
“მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ამ უდიდესი ნდობისთვის, რადგანაც ეს არის საპასუხისმგებლო თანამდებობა, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს შორის და ბუნებრივია, შევეცდები, ის საკითხები, რომელიც მუშავდება ბიზნესის მიმართულებით, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს მიტანილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, პირველ ეტაპზე იქნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა ბიზნეს ასოციაციასთან. ასევე მინდა ფოკუსი გავაკეთო მცირე ბიზნესის მიმართულებით, ბიზნესგაერთიანებებზე, იქნება ეს რეგიონული თუ სექტორული ბიზნეს ასოციაციები, რადგან ყველა ეს საკითხი, რომელიც ამ გაერთიანებებში მუშავდება, მაქსიმალურად იყოს განხილული და შესაბამისად, ეს საკითხები იყოს მხარდაჭერილი, რაც არის ბიზნესომბუდსმენის აპარატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენის თქმით, მოხდება ძალიან აქტიური მუშაობა საკანონმდებლო თუ იმ პრაქტიკის მიმართულებით, რომელიც ბიზნესს გააჩნია და ბუნებრივია, ყველა საკითხი შეგროვებული იქნება ბიზნესომბუდსმენის აპარატში.
„გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ,დღეს ყველა სახელმწიფო უწყება ღიაა ბიზნესის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, ჩვენ გვექნება აქტიური კომუნიკაცია ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, რომლებთანაც საჭიროა რიგი ტექნიკური, თუ სხვადასხვა ინდივიდუალური საკითხების გავლა, რომ ეს კომუნაკაცია იყოს ბევრად უფრო ეფექტური“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
პრემიერის თქმით, ირაკლი ლექვინაძე იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში.