ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესდავების გაჭიანურება საქართველოს ბიზნესგარემოს ერთ-ერთი გამოწვევაა
ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესდავების გაჭიანურება საქართველოს ბიზნესგარემოს ერთ-ერთი გამოწვევაა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საქართველოს ბიზნესგარემოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიზნესდავების გაჭიანურებაა.

მისი თქმით, დიდი დრო სჭირდება დავების განხილვას.

„როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესგარემოს მთავარ გამოწვევებზე, იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც დაგროვილია ბიზნესომბუდმენის აპარატში, ერთ-ერთ გამოწვევად არის ბიზნესდავების გაჭიანურების მაჩვენებელი.მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ამის განხილვას, ეხება ეს ადმინისტრაციულ უწყებებთან დავებს თუ კერძო სამოქალაქო სექტორში განსახილველ დავებს“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

ამასთან, ბიზნესომბუდსმენის თქმით, ბოლო პერიოდის ტენდენციიდან გამომდინარე, ერთი საქმის განსახილველი დრო გარკვეულწილად შემცირებულია თუმცა, მაინც მაღალია.

„ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია არბიტრაჟის მიმართულების გაძლიერება, ძალიან მნიშვნელოვანია მედიაციის შესახებ კანონის მიღება და სხვა ალტერნატიული დავის განმხილველი ბერკეტებისა და მექანიზმების შემოტანა, რომ გადატვირთულობა, რომელიც გააჩნია სასამართლოს რეალურად, არ იყოს დროითი დანახარჯები ბიზნესისთვის“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.