ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესასოციაციები შრომის უსაფრთხოებაზე კანონპროექტის განხილვაში ჩართული იყვნენ, თუმცა რიგი შენიშვნები არ გაუთვალისწინებიათ
ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესასოციაციები შრომის უსაფრთხოებაზე კანონპროექტის განხილვაში ჩართული იყვნენ, თუმცა რიგი შენიშვნები არ გაუთვალისწინებიათ

ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩართული იყვნენ, თუმცა მათ რიგი შენიშვნები დიდად არ გაუთვალისწინებიათ, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესისთვის დაწესებული რეგულაციები რაციონალური იყოს.

ბიზნესასოციაციების შენიშვნა იყო, ჯარიმები ადეკვატური და გონივრული ყოფილიყო, რადგან ზოგადად, შესაძლოა, მაღალი ჯარიმები და მკაცრი სანქციები გამოსავალი არ იყოს. ამან შეიძლება რიგი საკითხები გადაჭრას, მაგრამ მთლიანობაში, თუ საწარმოო პროცესის შეჩერება მოხდება, ჯარიმების შედეგად კომპანიას თვითღირებულების ხარჯები გაუძვირდება და ა.შ, ერთი შეხედვით, კეთილი მიზნისთვის განხორციელებულმა რეგულაციებმა შესაძლოა, იმ წერტილამდე მიგვიყვანოს, როცა დასაქმებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შემოსავლებს დაკარგავენ, ხოლო ხარჯების გაძვირებით სამუშაო ადგილები შემცირდება. საკითხთან მიმართებით პოლიტიკური მდგენელი მესმის, მაგრამ რაციონალური მიდგომა აუცილებელია“, – განაცხადა ლექვინაძემ. 

როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის გონივრული ვადები არსებობდეს.

„კანონპროექტს შესაბამისი რეგლამენტები სჭირდება. მისი გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესს საშუალება უნდა ჰქონდეს, რეგლამენტებს გაეცნოს და საკუთარ წარმოებებში ცვლილებები მოთხოვნის შესაბამისად შეიტანოს, რათა რეგლამენტების ამოქმედებას მოუმზადებელი არ შეხვდეს და ჯარიმების შედეგად ძალიან ბევრ პრობლემასთან შეჯახებამ არ მოუწიოს“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ცვლილებები სხვადასხვა საწარმოზე ეტაპობრივად გავრცელდეს.

„პირველ რიგში, ცვლილებები იქ უნდა გავრცელდეს, სადაც მომეტებული საფრთხეები არსებობს, ხოლო ისეთ საწარმოებში, სადაც მომეტებული საფრთხეები არ არსებობს, ცვლილებები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.