ირაკლი ლექვინაძე - აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ კამპანიის აგორების მცდელობა აზიანებს ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ ბიზნესურთიერთობებს
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში აზერბაიჯანის ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოში აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ აგორებული კამპანია განიხილეს.
საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიაა დაწყებული, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნებს შორის ურთიერთობას და ზიანის მომტანია კომპანიების საქმიანობისთვის. მათივე განცხადებით, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკასა და იმ მოქალაქეებზე, ვინც ასოციაციის წევრ და სხვა აზერბაიჯანულ კომპანიებში არიან დასაქმებულები.
„ვხედავთ, რომ სოციალურ ქსელებში არის აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ კამპანიის აგორების მცდელობა. საქართველოში ბევრი აზერბაიჯანელი ინვესტორი ახორციელებს წარმატებით საკუთარ საქმიანობას და დაუშვებელია მსგავსი ტიპის კამპანიები. ამას ნეგატიური გავლენა აქვს აზერბაიჯანული კომპანიების საქმიანობაზე საქართველოში და ამას გარდა, აზიანებს ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ ბიზნესურთიერთობებს. ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანული კომპანიების ბიზნესსაქმიანობას საქართველოში“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.