ირაკლი ლექვინაძე - აჭარიდან მომართვიანობის 50 პროცენტი მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან გვაქვს
„ბიას“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150-მდე წარმომადგენელს შეხვდნენ.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ირაკლი ლექვინაძემ მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და 2019 წლის პირველ კვარტალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მომართვიანობის სტატისტიკა გააცნო.
„აჭარის რეგიონიდან მომართვიანობის 50 პროცენტი მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება და ყველაზე ხშირად მეწარმეები ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით მოგვმართავენ“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
ირაკლი ლექვინაძემ 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით აჭარაში ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ კრიტიკულ საკითხებზეც ისაუბრა.
„მომართვიანობის ანალიზით აჭარაში ბიზნესგარემოს მიმართულებით გამოწვევად რჩება მეწარმეების წერილებზე მუნიციპალიტეტის მხრიდან დაგვიანებული და ბუნდოვანი პასუხები. ამას გარდა, ვმუშაობთ საქმეზე, სადაც მუნიციპალიტეტი აჭიანურებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას“, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
ბიზნესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრებს და შემდეგი შეხვედრა ქუთაისშია დაგეგმილი.