ირაკლი კოვზანაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნა ინვესტორებისთვის კარგი გზავნილია
ირაკლი კოვზანაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნა ინვესტორებისთვის კარგი გზავნილია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გასულ კვირაში გამოქვეყნებული დასკვნა, რომელიც საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს დადებითად აფასებს, ინვესტორებისთვის კარგი გზავნილია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქვეყნის მაკრო-ეკონომიკური გარემო, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გატარებული და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასულ კვირას გამოქვეყნებულ დასკვნაში საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები დადებითად შეაფასა და ქვეყანას წლის ბოლომდე ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე [სამ პროცენტამდე] შემცირება ურჩია.

კოვზანაძის მოსაზრებით, სავალუტო ფონდის პოზიტიური შეფასება პოტენციური ინვესტორებისთვის დადებითი გზავნილია.

„სავალუტო ფონდის დასკვნაში პოზიტიურად არის აღწერილი ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს. მთლიანობაში თუ შევაფასებთ ამ დასკვნას, ის კარგი და მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის, ვინც საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ამას წინ უძღოდა ექსპორტის ზრდა, რაც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა და გაუმჯობესდა. ასევე 2019 წელს ტურიზმში არსებული შეფერხება წლის ბოლოს გაუმჯობესდა. ტრადიციულად კარგი შედეგები გვაქვს ფულად გადმორიცხვებში, რასაც ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთიდან აგზავნიან და წლის განმავლობაში თითქმის მილიარდნახევარზე მეტია. წლის განმავლობაში ასევე გაუმჯობესებულია დაკრედიტების მაჩვენებელი. ამან უზრუნველყო ის შედეგი, რაც გვქონდა“, – განაცხადა კოვზანაძემ. 

რაც შეეხება მიზნობრივზე ფაქტობრივად ორჯერ მაღალ ინფლაციას, რაც გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა და დაახლოებით შვიდი პროცენტი შეადგინა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ ეს გარკვეულწილად ეროვნული ბანკის მიერ გასატარებელი ღონისძიებების დაგვიანების შედეგია, თუმცა კოვზანაძე მოცემულ მომენტში ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას სრულად ეთანხმება.

„შარშან ვთქვი, რომ ცენტრალურ ბანკს შეეძლო უფრო ადრე გაეკეთებინა ის ღონისძიებები, რაც გასაკეთებელი ჰქონდა, თუმცა ამის შემდეგ რა ბერკეტებიც აამოქმედა, ვამბობთ, რომ სრულად ვეთანხმებით იმ ღონისძიებებს, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს. ცენტრალურმა ბანკმა [გასული წლის] სექტემბრიდან ძვირი ფულის პოლიტიკის გატარება დაიწყო და მონეტარული საპროცენტო განაკვეთი ზედიზედ აწია, რამაც საბოლოოდ ცხრა პროცენტი შეადგინა. აქედან გამომდინარე, ლარის კურსზეც გავლენა იქონია, [სავალუტო] ინტერვენციებიც დროული იყო და უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე საკმაოდ მაღალი 30 პროცენტიანი მაჩვენებელი 25-მდე დასწია. ამან კომერციულ ბანკებს დაახლოებით 700 მილიონი დოლარი გამოუთავისუფლა, რაც საკორესპონდენტო ანგარიშებიდან გამოვიდა და აქედან გამომდინარე დაკრედიტებაც გაიზარდა. გარკვეულწილად სავალუტო ბაზარზე ზეწოლაც შემცირდა, კურსიც სტაბილურობისკენ წავიდა და დაკრედიტებაც გაიზარდა. დაკრედიტების ზრდა ერთ-ერთი ფაქტორია, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა“, – განმარტა კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ეროვნულმა ბანკმა ჭარბვალიანობის მოსათოკად ამოქმედებული საბანკო რეგულაციები გარკვეულწილად შეარბილოს, თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ ჭარბვალიანობის ფაქტორი კვლავ გაძლიერდეს, რის შედეგადაც იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანი უსახლკაროდ რჩებოდა.

„ჩვენ გვქონდა პრობლემა, რომ ადამიანები იმაზე მეტ სესხს იღებდნენ, ვიდრე გადახდა შეეძლოთ. ამის უამრავი მაგალითი იყო, როდესაც საბოლოო ჯამში უკანასკნელ საცხოვრებელს ჰყიდდნენ. აქედან გამომდინარე, კოეფიციენტების და ფორმულის შეცვლას მგონი არავინ დაუშვებს, რადგან სესხი კაცმა იმ შემთხვევაში უნდა აიღოს, როცა გასტუმრების საშუალება აქვს. ყველა სესხის ქვეშ უნდა იყოს გადახდისუნარიანი მსესხებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციებში გარკვეული ელასტიურობა არ გამოვიყენოთ, თუმცა არავითარ შემთხვევაში ისე არ მოხდება, რომ სესხი ისეთმა ადამიანმა აიღოს, ვისაც გადახდა არ შეუძლია“, – განაცხადა კოვზანაძემ.