ირაკლი კოვზანაძე - 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მაკროეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართულია
ირაკლი კოვზანაძე - 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მაკროეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართულია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მაკროეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული ბიუჯეტია, რომელიც ქვეყანას ბოლო პერიოდში ჰქონია.

როგორც ჟურნალისტებს კოვზანაძემ განუცხადა, ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დეფიციტი აქვს.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული 3 პროცენტიანი დეფიციტი გვაქვს, რაც ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად არ გვქონია. ბიუჯეტი 4,5 პროცენტიან შიდა პროდუქტის ზრდაზე არის დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ხარჯების ასიგნებები 12 მლრდ 400 მლნ ლარი იქნება და მომავალ წელს 740 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე წელს ვხარჯავთ. გეტყვით, რომ მლრდ 800 მლნ ლარზე მეტი გამოყოფილია იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული და ბიზნეს პროექტები განვახორციელოთ. მათ შორის დამაკავშირებელი პროექტები, საერთაშორისო მაგისტრალები და ის პროექტები, რაც მეზობელ ქვეყნებს შავი ზღვისპირეთთან აკავშირებს. ეს ბიუჯეტი იმით გამოირჩევა, რომ ერთი მხრივ, სოციალურად ორიენტირებულია და მეორე მხრივ, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს”, – განაცხადა კოვზანაძემ.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავს და დაამტკიცებს. დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრებს ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე წარუდგენს.